გიორგი ქობულია - გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ჩვენს შორის ნდობა არ შედგა
გიორგი გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და დავიწყეთ მოლაპარაკებები, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ჩვენს შორის ნდობა არ შედგა , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიას პარტიას გუშინ სულ სხვა საარჩევნო სია ჰქონდა, დღეს კი სხვა წარადგინა.
ამასთან, ქობულიამ აღნიშნა, რომ ის წინააღმდეგი იყო „ძლიერ საქართველოსთან“ ალიანსზე.
„მე საქართველოში აშშ-დან დეკემბერში დავბრუნდი. ყოველთვის მქონდა სურვილი, რაღაც ფორმით მონაწილეობა მიმეღო პოლიტიკაში, რათა წვლილი შემეტანა ქვეყნის განვითარებაში. რეალური წერტილი, რომელმაც ეს ნაბიჯი გადამადგმევინა, იყო დღევანდელი მთავრობის დასავლეთთან დაპირისპირება, რომელიც აბსოლუტურად უაზრო იყო. მინისტრი როდესაც ვიყავი, ამ მთავრობის მიმართ მაშინაც ბევრი პრეტენზია მქონდა, მაგრამ არ იყო საკმარისი, რომ მთლიანად შემოვსულიყავი ამაში. ჩემი არჩევანი იყო, რომ საკუთარი გუნდი შემექმნა, მაგრამ ამას ფიზიკურად ვერ ვასწრებდი, ამიტომ გადავწყვიტე, შევერთებოდი რომელიმე არსებულ პლატფორმას. ამ პლატფორმებს როდესაც გადავხედე, მაშინ ყველაზე მისაღები ჩემთვის გიორგი გახარიას პარტია იყო.
გიორგი გახარია სამი თვის წინ თავად დამიკავშირდა და დავიწყეთ მოლაპარაკებები, ამაში დასამალი არაფერია. საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი. სამწუხაროდ, ამ სამი თვის განმავლობაში მაქსიმალური ძალისხმევა გავწიე, რათა ნდობა შემექმნა. ჩვენს შორის ნდობა არ შედგა. ბეწვის ხიდზე გავდიოდით და ბოლომდე იმედი მქონდა, რომ ერთად გავიტანდით რაღაცას, მაგრამ ეს ნდობა დღეს საბოლოოდ დაინგრა. ეს თანამშრომლობა უკვე დახურულია და აღარასდროს შედგება, თემა უკვე დახურულია.
მე წინააღმდეგი ვიყავი „ლელოსთან“ ალიანსზე. ამის მიუხედავად, ნიუსებიდან გავიგე, რომ ეს მოლაპარაკება დაიწყო. გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა სია იყო, ეს ყველაფერი ეხმარება ნდობას? რა თქმა უნდა, არა. მე ნდობა აღარ მაქვს და ჩემთვის ეს საკითხი დამთავრებულია. ერთ-ერთი ფორმალური მიზეზი, რაც დამისახელეს, იყო ის, რომ თითქოს გუშინ „ფორმულას“ ეთერში ბიძინა ივანიშვილი დავიცავი. მე ჩემი აზრი ვთქვი გუშინდელ ეთერში ბიძინა ივანიშვილზე, რომ ის არ არის რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი და არ მუშაობს მათი დავალებით, რაც არის ჩემი მრწამსი და ეს არის ჩემი სიმართლე. ვთქვი ისიც, რომ ამის ფაქტებს ვერ ვხედავ“, – განაცხადა ქობულიამ.
მან ასევე ისაუბრა წერილობით შეთანხმებაზე, რაც გახარიასთან ჰქონდა დადებული და რუსეთთან სავაჭრო თუ დიპლომატიურ ურთიერთობებს შეეხებოდა.
ქობულიას თქმით, რუსეთთან პრაგმატული დიალოგია საჭირო, სხვა შემთხვევაში საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღიდგენს.
„ეს არჩევნები ოპოზიციამ რომ მოიგოს, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა, ვინც წინ არჩევნებზე მას მისცა ხმა, იმ ხალხს უნდა შევაცვლევინოთ აზრი, რომ ოპოზიციას დაუჭიროს მხარი. იმ ხალხიდან ერთ კაცს მაინც იცნობთ, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერს მხარს? – არა. ერთ კაცსაც არ ვიცნობ, ვინც „ლელოს“ გაერთიანებას მისცემს ხმას, რადგან „ლელოსაც“ იგივე რიტორიკა აქვს, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“. ერთადერთი შანსი იყო გიორგი გახარია და მან, სამწუხაროდ, ეს შანსი ვერ გამოიყენა. ახლა რაც მოხდა, მე რომ გახარიას გუნდიდან გავედი, მარტო ბიძინა ივანიშვილს აწყობს, რადგან, რეალურად, ჩემი და გახარიას სინქრონულად მუშაობა ძალიან დიდი ზიანს მიაყენებდა ივანიშვილს, რადგან მარტო ჩვენ ვიყავით, ვისაც შეეძლო მისი ამომრჩევლის გადმოყვანა ოპოზიციის მხარეს.
მე ვიცნობ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს. ის პოპულისტური რიტორიკა, რომელიც ოპოზიციისგან გვესმის, მიუღებელია, რაღაც 14 მილიარდზე ლაპარაკობენ, რომელიც ვერც ახსნეს, საიდან უნდა მოიტანონ, პენსიებზე ლაპარაკი. ჩვენ გვჭირდება რუსეთთან პრაგმატული დიალოგი. ყველაფერზე რუსულის ძახილი გულზე ეფინება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოს“ ამომრჩეველს. „ქართული ოცნებიდან“ ამომრჩეველი თუ გინდა, წამოიყვანო, მათთვის ეს რიტორიკა მიუღებელია, მაგრამ ამის ანალიზის უნარი ჩვენს პოლიტიკურ სამყაროში არავის აღარ აქვს. ყოველი მესამე ტურისტი რუსია. ის ხალხი, ვინც მათ ემსახურება, ფიქრობს, რომ ეს რუსები რომ გაყარონ, ამათ რა ეშველებათ, მეღვინეებს ჰკითხეთ ახლა კახეთში. რუსეთმა ღვინის იმპორტი რომ გადაკეტოს, დაინგრევა ეკონომიკა. ვინ თქვა ეს სისულელე, რომ ჩვენი ღვინო ევროპაში გავა, სულ ჩვენს ღვინოს არ ელოდებიან ევროპასა და ამერიკაში? 30 წელია, ამას ცდილობს ყველა მთავრობა. ჩვენ უნდა ვივაჭროთ რუსეთთან, მხარს ვუჭერ რეისების აღდგენას, ეს საქართველოს სჭირდება, რუსეთს კი არა. რუსეთთან პრაგმატული დიალოგის გარეშე ჩვენ ვერ აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ყველა საკითხი გახარიასთან წერილობით იყო შეთანხმებული“, – განაცხადა ქობულიამ.