გიორგი ქობულია - ძალიან დიდი ამბიციები მაქვს და ჩემს წინაშე მდგარ ამოცანებს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები
გულწრფელად ვწუხვარ, რომ ჩემმა არყოფნამ ასეთი რეზონანსი გამოიწვია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს საკუთარ შვებულებასთან დაკავშირებით კითხვაზე განუცხადა.
მინისტრის თქმით, ბუნებრივია, რომ ადამიანი სამსახურის დაწყებისთანავე შვებულებაში არ გადის, თუმცა, მისი შვებულება იძულებითი იყო.
„არაერთხელ ვთქვი, რომ ეს არ იყო შვებულება დასვენების მიზნით, ეს იყო იძულებითი შვებულება. ეკონომიკის მინისტრად ჩემი დანიშვნა ძალიან სწრაფად მოხდა, რამაც შექმნა სიტუაცია, რომ დამრჩა გადასაბარებელი საქმეები, ასევე უნდა ჩამეტარებინა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროცედურები, რამაც ცოტა მეტი დრო წაიღო“, – განაცხადა ქობულიამ და აღნიშნა, რომ სამსახურში ფიზიკურად არყოფნის მიუხედავად, ის საკუთარ თანამშრომლებთან მუდმივ კომუნიკაციაში იყო.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის უკვე სრულად ჩაერთო ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობაში.
„დღესდღეობით, მე 100 პროცენტით ჩავერთე ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობაში და ძალიან დიდი ამბიციები მაქვს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ამოცანებს, რომელიც ჩემს წინაშე დგას. ამის დამადასტურებელია ფაქტი, რომ 18 წელი ვიმუშავე ერთ-ერთ მოწინავე საკონსულტაციო კომპანიაში, სადაც მივაღწიე კარიერის ზენიტს ძალიან მაღალი ანაზღაურებით და ამის მიუხედავად, წამოვედი საქართველოში. ვფიქრობ, ეს ფაქტი საკმარისი უნდა იყოს, რომ არავის ჰქონდეს კითხვის ნიშნები“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.