გიორგი ქობულია აცხადებს, რომ თანამდებობიდან მხოლოდ ერთ რომელიმე საკითხზე უთანხმოების გამო არ გაუთავისუფლებიათ
საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ თანამდებობიდან მხოლოდ ერთ რომელიმე საკითხზე უთანხმოების გამო არ გაუთავისუფლებიათ.
როგორც გიორგი ქობულიამ პარლამენტში აღნიშნა, იყო ბევრი საკითხი, რომელთა შესრულებასაც დაჟინებით ითხოვდა, თუმცა ეს საკითხები ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაზრებებთან თანხვედრაში არ აღმოჩნდა.
„ეს ეხება მაგალითად, ალტერნატიული კომპანიების შემოყვანაზე მორგებული სტრატეგიის არსებობა, სხვადასხვა სექტორებში, ასევე მაგალითად საკითხ, როგორ უნდა მოხდეს ელექტროენერგიის შესყიდვის სისტემის ჩამოყალიბება. აი, ეს საკითხები იყო რომელზეც ჩვენ ალბათ ვერ ვიპოვეთ საერთო ენა. რა თქმა უნდა, მე ალბათ აღმოვჩდი პრინციპული რაღაც საკითხებში. თავიდანვე გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ მე არ ვუჭერ მხარს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ფუნდამენტალურად არ მესმის და არ ვეთანხმები. ისევ და ისევ მინდა ვთქვა, რომ ეს არ იყო ერთი და ორი საკითხი, ეს იყო დიდი პროცესი. ეს იყო თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესი. ამაზე მეტის თქმა მიჭირს. ასევე მინდა ვთქვა, რომ გაჟღერდა კითხვა, იყო თუ არა შეთანხმებული ხედვები და რატო მოხდა რომ, დიახ რა თქმა უნდა. მე ძალიან კარგი აღქმა მაქვს საქართველოს რეალობის და დამერწმუნეთ, რომ ბევრზე უკეთესად მესმის რა არაფორმალური თამაშის წესები შეიძლება არსებობდეს. ამ არაფორმალურ თამაშის წესებზე მქონდა ძალიან ღია და გახსნილი მოლაპარაკება, ვიდრე ამ თანამდებობას დავიკავებდი. მქონდა სრული შეთანხმება, რომ ჩვენ არ ვიმუშავებდით სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა წესებით, მაგრამ ეს ყველაფერი არ გამართლდა“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.