გიორგი ქანთარია - არ ვნანობ, რომ „თელავში“ გადმოვედი #1TVSPORT
გიორგი ქანთარია - არ ვნანობ, რომ „თელავში“ გადმოვედი #1TVSPORT

„თელავმა“ ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე გიორგი ქანთარია დაიმატა, რომელიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო. გიორგი თამაშობდა ბელარუსში, იყო გროდნოსნემანისვიცეკაპიტანი და კაპიტანიც.

რატომ ამჯობინა ბელარუსს საქართველოში თამაში, საფეხბურთო კლუბ „თელავის“ 24 წლის ახალწვეულმა ამის შესახებ ისაუბრა:

ბელარუსში 19 წლის ვიყავი, როცა წავედი. თავიდან, რა თქმა უნდა, ძნელი იყო ყველაფერი, ახალი გარემო, ენის ბარიერი, ახალი კულტურა, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ადაპტაციაც არ გამჭირვებია – გუნდელები ძალიან დამეხმარნენ. ჩამოვყალიბდი „ნემანის“ ლიდერად, ყველა შეხვედრას ვთამაშობდი, ძალიან დიდი ნდობა მქონდა და ყველაფერიც კარგად იყო, მაგრამ გუნდში გატარებული ხუთი წლის შემდეგ ბელარუსიდან წამოვედი. ადამიანის ცხოვრებაში, დგება მომენტი, როცა რაღაც უნდა შეცვალო და ახალი გამოწვევები მიიღო“, – ამბობს ქანთარია.

რატომ „თელავი“? 24 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებაც ისაუბრა: 

„მქონდა რამდენიმე საინტერესო ვარიანტი, შემეძლო, კარიერა ისევ უცხოეთში გამეგრძელებინა, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის სურვილიც დიდი იყო. უცხოეთში 5 წელი ვიცხოვრე, აქაურობას ძალიან მონატრებული ვიყავი და ოჯახთან ერთად გადავწყვიტეთ დარჩენა საქართველოში. რაც შეეხება თუ რატომ „თელავი“ – ჩამოსვლისთანავე, ერთ ქართულ კლუბთან მოლაპარაკებები მქონდა, მაგრამ ბოლოს ვერ შევთანხმდით და არც ვნანობ – როცა „თელავის“ აგენტმა ვარიანტი შემომთავაზა, ჩემთვის ძალიან საინტერესო და მისაღები იყო პროექტი, რაშიც ძალიან დიდი წვლილი გუნდის დირექტორს, სოსო გრიშიკაშვილს მიუძღვის“.