ეროვნული ლიგა | ქართული „კლასიკო“ უგოლოდ დასრულდა, გორის „დილამ“ თელავი დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | ქართული „კლასიკო“ უგოლოდ დასრულდა, გორის „დილამ“ თელავი დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ქართული „კლასიკო“ გაიმართა. ქუთაისის „ტორპედომ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და კაცნაკლულ მეტოქესთან მხოლოდ ქულა მოიპოვა – 0:0.

ეს ამ გუნდების ისტორიაში გამართული 91-ე მატჩი იყო, რომელსაც, დაახლოებით, 8 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო. პირველ ტაიმში „დინამომ“ 4 კარგი მომენტი შექმნა, მაგრამ ქუთაისელთა მეკარე ფილიპ კლიაიჩი დამაჯერებლად თამაშობდა.

სახიფათო მომენტი „ტორპედომაც“ შექმნა. არაბიძის გადაცემის შემდეგ გოლის გატანა ჟორჟინიოს შეეძლო, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმი თბილისელებისთვის ცუდად დაიწყო. „დინამოს“ ესპანელმა მცველმა, კიკე ლოპესმა 54-ე წუთზე არაბიძესთან უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა. ამის შემდეგ „ტორპედო“ დიდი ძალებით უტევდა, მაგრამ თბილისელებმა დაცვაში საიმედოდ ითამაშეს.

12 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ 19 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზეა, ხოლო „დინამო თბილისი“ მას 5 ქულით და ერთი ადგილით ჩამორჩება.

გორის „დილამ“ თავისი შეხვედრა სტუმრად “თელავთან“ ჩაატარა და მინიმალური უპირატესობით გაიმარჯვა – 1:0.

შესვენებამდე გორელთა დაწინაურება აბუბაქარ კონატემ მოახერხა, თუმცა ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა და გოლი გაუქმდა.

მატჩის ბედი 78-ე წუთზე გადაწყდა. „თელავის“ კარში გოლი „დილას“ ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა, ტაირელ ვაუტერმა გაიტანა.

„დილამ“ 27 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გადავიდა, ხოლო „თელავი“ (11) მე-7 პოზიციაზე დარჩა.