გიორგი პაიჭაძე - სათამაშო ბიზნესის აკრძალვა შეიძლება, თუ სახელმწიფომ მოინდომა
სათამაშო ბიზნესის აკრძალვა შეიძლება, თუ სახელმწიფომ მოინდომა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ“ თავმჯდომარემ, გიორგი პაიჭაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მთავარი მონდომებაა და ასეთ შემთხვევაში ყველაფრის გაკეთება შეიძლება. მთავარია, გიყვარდეს შენი სამშობლო, შენი მოქალაქე, ახალგაზრდა, იზრუნო მის განვითარებასა და მომავალზე“, – განაცხადა პაიჭაძემ.
ამ განცხადებით „სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ“ თავმჯდომარემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად რეალისტურია დღევანდელ რეალობაში სათამაშო ბიზნესის სრულად აკრძალვა.
მისი თქმით, 2018 წელს, განქორწინების ციფრმა ქორწინების ციფრს გადაუსწრო, ხოლო სიკვდილიანობის ციფრმა შობადობის ციფრს, რაშიც აზარტულ თამაშებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის.
„დღესდღეობით, ამაში საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქეა ჩართული. წელიწადნახევარში შვიდმილიარდიანი ბრუნვა გაიზარდა და 14 მილიარდს გადააჭარბა. წარმოგიდგენიათ, რაზეა ლაპარაკი?! თან, ამ თანხის უმეტესი ნაწილი საქართველოში კი არ რჩება, საზღვარგარეთ გაედინება და ლარის კურსზე, ინფლაციაზე ესეც ხომ მოქმედებს?! სხვათა შორის, აზარტული თამაშები ყველა „სიკეთესთან“ ერთად, კორუფციის და ფულის გათეთრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, რაზეც საერთაშორისო ორგანიზაციებმა აგერ, 2017-2018 წელს თითი გვიქნიეს“, – განაცხადა პაიჭაძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სათამაშო ბიზნესის რეკლამის შეზღუდვა და როგორია ამ მხრივ საერთაშორისო გამოცდილება, გიორგი პაიჭაძემ განაცხადა, რომ მაგალითად, ბარსელონის მერმა პირადად მიიღო გადაწყვეტილება და თავის ქალაქში სათამაშო ბიზნესის რეკლამირება მთლიანად აკრძალა.
„ჩვენთან ხდება ის, რომ ავტობუსებზე გამოაკრეს რეკლამები. რას აკეთებს ჩვენი ქალაქის მერია?! პირიქით, ხელს უწყობს?“, – განაცხადა პაიჭაძემ.
საზოგადოებრივი მოძრაობა „სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ“ თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, იმ ქალაქებში, სადაც აზარტული თამაშები დაშვებული იყო, თვითმკვლელობის ციფრი ოთხჯერ გაიზარდა იმ ქალაქებთან შედარებით, სადაც ის დაშვებული არ იყო.
მისივე თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებულია, რომ სუიციდის შემთხვევებით საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველია.
„დღესდღეობით, შსს სტატისტიკას არ აწარმოებს, მაგრამ ჩვენი ორგანიზაციის მოკვლევით, ბოლო სამ თვეში უკვე ჩვიდმეტმა ადამიანმა მოიკლა თავი“, – განაცხადა პაიჭაძემ.
მისივე თქმით, არსებობს გამზადებული პაკეტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც საქართველოს მოქალაქეები ფაქტობრივად, დაცული იქნებიან.
„მთავრობას მოვუწოდებ, პარლამენტში განსახილველად შემოიტანოს ის გამზადებული პაკეტი, რომელიც მიღებულ იქნა და რითაც საქართველოს მოქალაქეები ფაქტობრივად, დაცული არიან. მოვუწოდებ, შემოიტანონ განსახილველად და პარლამენტმა მხარი დაუჭიროს. არაფერი არ არის გასაკეთებელი. კანონპროექტი მზად არის, მაგრამ განსახილველად არ შემოდის“, – განაცხადა გიორგი პაიჭაძემ.