გიორგი ოთხმეზური - პასუხისმგებლობა შეწყალებაზე ეკისრება სალომე ზურაბიშვილს, არ მაინტერესებს, ვისი გადაწყვეტილება იყო, სიყვარულით გაკეთდა, თუ მტრობით
შეწყალებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, – ამის შესახებ დავით ოთხმეზურის მამამ, გიორგი ოთხმეზურმა პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა.
როგორც ოთხმეზურმა აღნიშნა, გამოკითხვისას თქვა, რომ მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავეა პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ბეჟანიძე, რის შესახებაც მასალები პროკურატურაშია.
„პასუხისმგებლობა ეკისრება სალომე ზურაბიშვილს. არ მაინტერესებს, ვისი გადაწყვეტილება იყო, ვინ ურჩია, ვინ ფული აიღო, ნაცნობობით გაკეთდა, სიყვარულით, თუ მტრობით. ამას არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის. კითხვები სალომე ზურაბიშვილსა და დიმიტრი გაბუნიას არ შეხებია, მათი გვარები არც უხსენებიათ. ისიც მკითხეს, დამიკავშირდა თუ არა ვინმე პრეზიდენტისგან, მე ვუთხარი, რომ ჰქონდათ კომუნიკაციის მცდელობა, თუმცა მე უარი ვუთხარი“, – აღნიშნა ოთხმეზურმა.
ამასთან, გოგი ოთხმეზურმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიმართა და აღნიშნა, რომ მათთვის ინტერვიუს მიცემა არ სურს.
„მთავარი“ აქ არის? თქვენმა ტელევიზიამ ხომ გაამართლა ბეჟანიძე? ნაბიჭვარმა გოგოტიშვილმა გააკეთა მთელი სიუჟეტი მაშინ, რომ ბეჟანიძე მართალია და ტყუილად აბრალებენ. დღეს რაზე იკლავთ თავს, ერთი გამაგებინეთ. ეგ არის, ფეხებზე რომ გკიდიათ ყველაფერი. მიბრძანდით, თქვენთვის არ მინდა ინტერვიუს მოცემა“, – განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს 34 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. ფაქტზე პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.