გიორგი მუმლაძე - ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას და გვჭირდება ეფექტური მუშაობა, ალიკა კუპრავა და გიორგი კაპანაძე კოორდინირებას გაუწევენ შტაბის მუშაობას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანიას განაგრძობს.
როგორც გიორგი მუმლაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ არჩევნებისთვის მზადება საქართველოს მასშტაბით აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.
მუმლაძის ინფორმაციით, შტაბის ხელმძღვანელი ალიკა კუპრავა იქნება, რეგიონული ხელმძღვანელი კი – გიორგი კაპანაძე. მისივე განმარტებით, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონებში გასვლა.
„რამდენიმე დღის წინ განვაცხადეთ, რომ გარკვეული პერიოდით ავიღეთ ტაიმაუტი ჩვენი საარჩევნო კამპანიის წარმოებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და იმ საკითხებს, რაც საჭიროებდა კონსოლიდორებულ გადაწყვეტილებას, რა უნდა მოხდეს და როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი. ჩვენ ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც დავიწყეთ და ამისთვის გვჭირდება ეფექტური მუშაობა. შტაბის ხელმძღვანელი იქნება ალიკა კუპრავა, ხოლო რეგიონული ხელმძღვანელი – გიორგი კაპანაძე. ეს ორი ადამიანი კოორდინირებას გაუწევს შტაბის მუშაობას, ხოლო რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფლებისა და სოლიდარობის საკითხს, ბუნებრივია, ამ საკითხში ვიქნებით სოლიდარულები და ერთიანები ყველ იმ პოლიტიკურ ჯგუფთან, რომლებიც ამ პარტიის გარშემო არიან შემოკრებილნი. ვითანამშრომლებთ ნებისმიერთან, რადგან ამ პარტიის უპირველეს მიზანს წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და გადარჩენა“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.