გიორგი მუმლაძე - პარტიის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით ხარვეზი თუ არ გამოსწორდება, ისეთ ფორმატზე უნდა შევთანხმდეთ, რომელიც მაქსიმალურად მეტ ადამიანს ჩართავს პროცესში
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებისთვის რეგისტრაცია ხარვეზებით მიმდინარეობს, რის გამოც ადამიანებს დარეგისტრირება უჭირთ.
მუმლაძის თქმით, მხარდამჭერებს დარეგისტრირების ნაწილში პრობლემა ექმნებათ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ხარვეზმა გააჩინა ეჭვები, მათ შორის ნდობის თვალსაზრისით.
„მხარდამჭერებმა გარკვეულწილად უნდობლობა გამოუცხადეს ასეთ გაუმართავ პროგრამას და ეს ძალიან დიდი მინუსია იმ მმართველი მენეჯმენტის, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ „ნაციონალურ მოძრაობაში“. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ გვყავს 6 000-ზე მეტი ამომრჩეველი. შესაბამისად, იმისთვის, რომ ლეგიტიმაცია ჰქონდეს ამ არჩევნებს, ზოგადად, არჩეულ თავმჯდომარეს, რაც შეიძლება მეტმა მხარდამჭერმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.
ხარვეზი თუ არ გამოსწორდება, უნდა შეიცვალოს ფორმატი და ისეთზე უნდა შევთანხმდეთ, რომელიც მაქსიმალურად მეტ ადამიანს მისცემს პროცესში ჩართვის შესაძლებლობას. 6 000 მხარდამჭერიდან, ისედაც ძალიან დიდი ნაწილი ვერ დარეგისტრირდება მთელი რიგი მიზეზების გამო და ისე არ უნდა მოხდეს, რომ, სამარცხვინოდ, მხარდამჭერების სამმა, ან ოთხმა პროცენტმა, ან მეტმა ვერ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ეს თვითონ პროცესისთვის ლეგიტიმაციის პრობლემას შექმნის.
პრობლემებზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს პრობლემა არის მიზანმიმართულად გამოწვეული თუ ვიღაცის უცოდინრობით, შედეგების თვალსაზრისით, დამაზიანებელია. ჩვენ, ასევე, ვიკვლევთ იმ კომპანიას, რომელ კომპანიასაც დაუკვეთეს ამ პროგრამის შექმნა. მათ შორის, გამოვიკვლევთ კომპანიას, გავაკეთებთ გარკვეულ დასკვნებს, დავინტერესდით, რატომ ვერ უზრუნველყო 21-ე საუკუნეში გამოცდილმა კომპანიამ, როგორც ისინი ამბობენ, ასეთი ელემენტარული ხარვეზების დროულად აღმოფხვრა. ხარვეზის გამოსწორების თარიღად დასახელებულია 17 იანვარი, როცა უნდა გამოსწორდეს უკვე პროცესი. თუ არ გამოსწორდება, ეს მთელ პროცესს ავტომატურად ეჭვქვეშ დააყენებს“, – აღნიშნა გიორგი მუმლაძემ.