გიორგი მუმლაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაწყვეტილებას იღებენ ნიკა მელია და მისი გარემოცვა, ვიწრო ჯგუფის მიერ მართულ პროცესს ჰქვია კლანურობა, რომელიც უნდა დამარცხდეს
„ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაწყვეტილებას იღებენ ნიკა მელია და მისი გარემოცვა, ვიწრო ჯგუფის მიერ მართულ პროცესს ჰქვია კლანურობა, რომელიც უნდა დამარცხდეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვიწრო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღებამ მიიყვანა პარტია იქამდე, რომ ვერ დაიცვეს გაყალბებული არჩევნები და მიხეილ სააკაშვილი მივიდა ამ მდგომარეობამდე.
როგორც მუმლაძემ აღნიშნა, პარტია უნდა გახდეს უფრო სახალხო, ღია და უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებული ახალი ადამიანების მოზიდვასა და განვითარებაზე.
„როგორ შეიძლება, ნიკა მელიას ჰყავდეს უფრო მეტი მხარდამჭერი. პრაქტიკულად, გამოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები მხარს უჭერენ უძრაობას და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შენარჩუნებას. ბუნებრივია, მე მაქვს მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია. მათ სურთ, რომ ეს პარტია განახლდეს, გაჯანსაღდეს. ეს მზაობა, სურვილი და მოტივაცია რომ არ ყოფილიყო მათი მხრიდან, რომელიც ჩემ მიმართ ბევრჯერ გამოუთქვამთ, ბუნებრივია, მე არ დავაყენებდი ჩემს კანდიდატურას. ვიგრძენი, რომ, რეალურად, პარტიაში საჭიროა ცვლილებები და არ ეთანხმებიან ნიკა მელიას პოლიტიკას. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებში ის აუცილებლად დამარცხდება, პარტია გააგრძელებს უფრო მეტი შემართებითა და ენერგიით ბრძოლას ხელისუფლების შესაცვლელად და მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად.
პარტიაში გადაწყვეტილებას იღებს ვიწრო ჯგუფი, ნიკა მელია და მისი გარემოცვა. ეს პროცესი უნდა შეიცვალოს იმით, რომ პროცესი გახდეს უფრო მეტად დემოკრატიული, მხარდამჭერების ჩართულობით უნდა მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება. ვიწრო ჯგუფის მიერ მართულ პროცესს ჰქვია კლანურობა, რომელიც უნდა დამარცხდეს. ამას არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვის მხარეს არის და ვინ ჩაერთვება პოლიტიკაში. ეს არის მათი გადასაწყვეტი და მათი კონსტიტუციური უფლება. უბრალოდ, მე ასე ვთვლი, რომ ვიწრო ჯგუფი არ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს, რადგან ვიწრო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ვერ დავიცავით გაყალბებული არჩევნები და მიხეილ სააკაშვილი მივიდა ამ მდგომარეობამდე. კლანურობაში იგულისხმება ეს. პარტია უნდა გახდეს უფრო სახალხო, ღია და უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებული ახალი ადამიანების მოზიდვასა და განვითარებაზე“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.