გიორგი მუმლაძე - ჩემი ოპონენტები დაკავებული არიან ერთმანეთისთვის რაღაცების დაბრალებით, ნაკლებს ლაპარაკობენ გეგმებზე, ამიტომ მათ დებატებში ვიწვევ, ვისაუბროთ, როგორ უნდა განვითარდეს პარტია
ჩემი ოპონენტები, ძირითადად, დაკავებული არიან ერთმანეთისთვის რაღაცების დაბრალებით, ნაკლებს ლაპარაკობენ გეგმებსა და ხედვებზე, როგორ უნდა გაძლიერდეს პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, ამიტომ ნიკა მელიას და სხვა კანდიდატებს დებატებში ვიწვევ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა.
მუმლაძის თქმით, თანამედროვე სამყაროში პოლიტიკური დებატი არის ერთ-ერთი საშუალება, რომ დემოკრატიული პროცესი იყოს ჯანსაღი და ადამიანებმა შეაფასონ, ვის რა ხედვა და გეგმა აქვს.
„ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ, როგორ უნდა განვითარდეს პარტია და როგორ უნდა გახდეს ძლიერი. თანამედროვე სამყაროში პოლიტიკური დებატი არის ერთ-ერთი საშუალება, რომ დემოკრატიული პროცესი იყოს ჯანსაღი და ადამიანებმა შეაფასონ, ვის რა ხედვა, გეგმა და უპირატესობები აქვს და არა ის, რომ უბრალოდ დაჯდე შენთვის კომფორტულ გარემოში, ილაპარაკო ზღაპრები და იჭორაო ადამიანებზე“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროგრამით ვერ ხერხდება ადამიანთა იდენტიფიცირება.
„ახლა პრობლემაა ადამიანების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, ანუ ვერ ხერხდება პროგრამით ადამიანების ეფექტურად იდენტიფიცირება, ვინ იღებს არჩევნებში მონაწილეობას. თავად პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ „ფეისბუქის“ მეშვეობით დადგენილიყო პოლიტიკური შეხედულებები, რათა არ მომხდარიყო „ქართული ოცნების“ და სხვა პოლიტიკური პარტიების პროცესში ჩართვა. რადგან ეს ვერ ხერხდება ეფექტურად, ბუნებრივია, არსებობს ეჭვები, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა გავლენა მოახდინონ შედეგებზე. მათ შორის ერთ-ერთი, ვისაც ყველაზე მეტად არ უნდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებები, არის „ქართული ოცნება“, რადგან მას აწყობს ასეთი სუსტი „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.