გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ ხვალიდან პრეზიდენტის სასახლესთან პერმანენტული აქციები დაიწყება
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ სასამართლო მიზანმიმართულად აჭიანურებს მიხეილ სააკაშვილის პროცესს და ამიტომ ხვალიდან პრეზიდენტის სასახლესთან პერმანენტული აქციები დაიწყება. ამის შესახებ მუმლაძემ პრეზიდენტის სასახლესთან, ფეისბუქლაივში განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა, თავისი ხელმოწერით რამდენიმე წუთში გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.
„ჩვენ ვალდებულნი ვართ, უკვე ხვალიდან პერმანენტული აქციები დავიწყოთ სწორედ ამ ლოკაციაზე. მართალია, აქ არის მორთული საახალწლოდ სივრცე, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, არ გვეახალწლება, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავენ ციხეში, როდესაც საქართველოს დემოკრატიული მომავალი ნადგურდება, როდესაც ჩვენმა შვილებმა შეიძლება, იცხოვრონ ჭაობში და ეს არის რუსული ჭაობი. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ წევრების შვილები ცხოვრობენ და გარანტირებული აქვთ ქონებაც, განათლებაც და უსაფრთხოებაც საზღვარგარეთ, ჩვენმა შვილებმა არ უნდა იცხოვრონ ამ ჭაობში. ჩვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ დემოკრატიულ საქართველოში, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი. თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ევროკავშირის წევრ საქართველოში, მაშინ ხვალიდან შემოუერთდებით ამ პროცესს და ყველანი ერთად ვაიძულებთ ხელისუფლებას და, პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილს, რომ არ მოგვიკლას ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ახლა უმოქმედობა არის ყველაზე დიდი დანაშაული. ისეთი, როგორიც არასდროს ყოფილა. მოდის ახალი წელი და არ მინდა, განმეორდეს, რაც მოხდა 1993 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით. რუსულმა სპეცსამსახურმა მაშინ მოგვიკლა პირველი პრეზიდენტი და ახლა, 30 წლის თავზე, პრაქტიკულად, კლავს მეორე პრეზიდენტს, რაც იქნება კატასტროფა ამ ქვეყნისთვის. ეს იქნება ისეთი ჭაობი, რომლიდანაც ვერასდროს ამოვალთ“, – განაცხადა მუმლაძემ.
მისი თქმით, ხვალ, დილით, 11:00 საათზე დეტალურად ისაუბრებენ გეგმაზე, ხოლო საღამოს 18:00 საათიდან უწყვეტი აქციები დაიწყება.