გიორგი მუჯირი - სააკაშვილის დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ წარმოადგინა მოწმე, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ ექნებოდა პერიოდთან, რაც ბრალდების საგანს წარმოადგენს
სააკაშვილის დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ წარმოადგინა მოწმე, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ ექნებოდა პერიოდთან, რაც ბრალდების საგანს წარმოადგენს, – ამის შესახებ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის მიერ გაწეული დანახარჯი არ ცვლის მოცემულობას მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე.
„მიხეილ სააკაშვილის კორუფციული ბრალდების საქმის დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოადგინა მოწმე ანზორ ჩუბინიძე, რომელმაც ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. დაცვის მხარეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე უნდა წარმოედგინა მტკიცებულება, რომელიც გაამართლებდა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას გაფლანგვის დანაშაულის ჩადენაში და რომელზეც შეიქმნებოდა არგუმენტი, რომ მათ არ მიუძღვით წვლილი კორუფციულ დანაშაულში. ნაცვლად ამისა, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მოწმე, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ ექნებოდა იმ პერიოდთან, რაც ბრალდების საგანს წარმოადგენს. ერთი რაღაც უნდა გავაცნობიეროთ, ჩვენ ვიხილავთ სისხლის სამართლის საქმეს კონკრეტულ პერიოდზე, კონკრეტულ დანახარჯზე, რომელიც აშკარად არის კანონშეუსაბამო. ანზორ ჩუბინიძის მიერ გაწეული დანახარჯი არ ცვლის მოცემულობას მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე“, – განაცხადა გიორგი მუჯირმა.
პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ყველაფერზე, გარდა საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ყველაფერზე, გარდა მის მიერ მისი ფუფუნებისთვის და მისი გარემოცვებისთვის დახარჯულ 9 მილიონ ლარზე. ის ეცადა, გარკვეული განცხადებით, პროკურორების დისკრედიტაციით გადაეფარა დანაშაული, რაც ჩადენილი აქვს ამ კორუფციული სქემით“, – განაცხადა გიორგი მუჯირმა.
პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიასა და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.