გიორგი მუჯირი - მოვისმინეთ სააკაშვილის აღიარება, რომ სპა პროცედურებსა თუ ფუფუნების საგნებს ნამდვილად თვითონ მოიხმარდა
საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმის პროკურორის გიორგი მუჯირის განცხადებით, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაცია პირდაპირ ასახავს მიხეილ სააკაშვილის და მისი გარემოცვის კომფორტის შექმნისთვის გახარჯულ თანხებს.
მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე მოისმინეს ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის აღიარება, რომ ფუფუნების საგნებს ნამდვილად თვითონ მოიხმარდა.
„დღეს ჩვენ განვიხილეთ საქმე, რომელიც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვას. საქმე, სადაც წარმოდგენილია 49 ბაინდერად დოკუმენტაცია, რომელიც პირდაპირ ასახავს მიხეილ სააკაშვილის და მისი გარემოცვის კომფორტის შექმნისთვის გახარჯულ თანხებს. რაც შეეხება, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ამ განცხადებაში ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის აღიარება, რომ იმ სპა პროცედურებს თუ ფუფუნების საგნებს ნამდვილად თვითონ მოიხმარდა. შვილის სწავლის საფასურის დაფინანსება მისი გადაწყვეტილი იყო. ამაზე ახსნა იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა, რომ ეკუთვნოდა. რეალურად ამ დანახარჯს სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა“, – განაცხადა გიორგი მუჯირმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პროცესზე საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის არაერთი ტყუილი მოისმინეს
„პლუს, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში ჩვენ მოვისმინეთ უამრავი ტყუილი. პირობითად ტაილანდში დასვენება, სადაც ერთი სასტუმროს ნომერი ორი დღის განმავლობაში დაჯდა 60 000 ლარი, თითქოს რაიმე სახელმწიფო ინტერესებს ემსახურებოიდა. რეალურად ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი განკარგულება, რომელსაც თავად მიხეილ სააკაშვილი აწერს ხელს, სადაც მითითებულია, რომ უნდა გადახდილიყო ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის VIP მომსახურება, რაც რეალურად განხორციელდა და არც ერთი დოკუმენტი არ მოიპოვება, რომელიც მიუთითებდა ამ ვიზიტისას რაიმე სახელმწიფო მნიშვნელობაზე. გვაქვს მოლოდინი, რომ მსგავს ტყუილს ძალიან ბევრჯერ მოვისმენთ.
პირობითად, ლას ვეგასში დასვენება, მას შეუძლია ფანტაზიის სრული სპექტრი მოიშველიოს და მსოფლიოს მასშტაბით დაასახელოს ნებისმიერი პირი, რომ თითქოს ამ პერიოდში შეხვდა. არავინ არ უშლიდა არც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, არც რომელიმე თანამდებობის პირს, შეედგინა სათანადო დოკუმენტაცია. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ოფიციალურ ვიზიტებზე, იმ ვიზიტებზე, რომლებიც რეალურად მართლაც სახელმწიფო მნიშვნელობას ატარებდა, სახელმწიფო რეალურად გაიღებდა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან თანხებს. იმავე პერიოდში გახარჯულია მილიონობით ლარი“, – განაცხადა გიორგი მუჯირმა.
პროკურორმა ასევე უპასუხა „ტვ პირველის“ კითხვას: „მაგალითად, ჰილარი კლინტონის ჩამოსვლა და შემდეგ ბათუმის პიაცაზე მასპინძლობა დაჯდა 57.75 ლარი, სამლარიანი ჩაით გამასპინძლება დანაშაულია?“.
გიორგი მუჯირის თქმით, არსად არ არსებობს იმისი მტკიცებულება, რომ ჰილარი კლინტონის გამასპინძლებისას არის გადახდილი თანხა.
„რომელ ჩეკზე გაქვთ საუბარი? სად არის მითითებული, რომ ჰილარი კლინტონზე არის გადახდილი თანხა. თქვენ მაჩვენებთ ჩეკს, სადაც ქართული თხილი და რედბული არის შეძენილი 57 ლარად. მსგავსი ჩეკი არის როგორც გითხარით 49 ბაინდერად, თქვენ თუ მაჩვენეთ რომ რედბული დაალევინეს ჰილარი კლინტონს და ეს აქ არის მითითებული, მაგ შემთხვევაში გაგცემთ პასუხს“, – აღნიშნა პროკურორმა.