გიორგი მსხილაძე - ვეტოში არ იქნება კანონის გაკეთილშობილების შესაძლებლობა, მისი შეცვლა ან გაპატიოსნება ვერ მოხერხდება, ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნასაც
გიორგი მსხილაძე - ვეტოში არ იქნება კანონის გაკეთილშობილების შესაძლებლობა, მისი შეცვლა ან გაპატიოსნება ვერ მოხერხდება, ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნასაც

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო აუცილებლად დაედება. ვეტოში არ იქნება კანონის გაკეთილშობილების რაიმე შესაძლებლობა, მისი შეცვლა ან გაპატიოსნება ვერ მოხერხდება, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძეს განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება ორ კვირაში ნახავს, რა ჩაიწერება ვეტოში, პრეზიდენტი, ასევე, ელოდება ვენეციის კომისიის დასკვნას.

„კანონს, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში ასეთი მღელვარება გამოიწვია, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი დააყენა საფრთხის წინაშე, ვეტო აუცილებლად დაედება. ვეტოში რა ჩაიწერება, ამას ორ კვირაში იხილავს საზოგადოება. ჩვენ, ასევე, ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. გვაბრალებენ, რომ ვეტოს სხვადასხვა ორგანიზაცია გვიწერს. ერთადერთი ორგანიზაცია, ვისთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, ვენეციის კომისიაა. არაერთ ვეტოში აღვნიშნეთ, რომ ძირითადად ვეყრდნობით ვენეციის კომისიის დასკვნებს. შესაბამისად, ვნახოთ, ვენეციის კომისიის დასკვნა რა იქნება. კანონის გაპატიოსნება შეუძლებელია. გამორიცხულია, კანონი რაიმე ფორმით შეიცვალოს. მორჩა, ამაზე წერტილია, საუბარი ზედმეტია“, – განაცხადა გიორგი მსხვილაძემ.

მისივე თქმით, არსებობს პრეზიდენტის რამდენიმე ვეტოა, სადაც კომისიის დასკვნა და რეკომენდაციები მთლიანად არის გათვალისწინებული.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, ვეტო იქნება იურიდიულად და ტექნიკურად გამართული. მისივე თქმით, ამ კანონის არსებობა ქვეყნისთვის მიუღებულია და არსებული ფორმით ძალაში არ უნდა შევიდეს.

ამასთან, კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, კანონში უცხო ქვეყნად რუსეთი ჩაიწეროს, მსხილაძემ უპასუხა: „კონკრეტულად ჩანაწერი რა იქნება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ამ კანონმა უკვე იმხელა უარყოფითი შედეგი გამოიღო. ბიურის სხდომაზე როცა ინიცირება ხდებოდა, მაშინვე გავაპროტესტეთ და ვთქვით, რომ აღნიშნული კანონი უარყოფით შედეგებს მოუტანდა ჩვენს ქვეყანას. კონკრეტულად ვეტოში რა ჩაიწერება, ვერ გეტყვით, მაგრამ არსებული პროტესტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. არაანაირი რეესტრის შექმნა არ არის საჭირო. საქართველოში არსებობს ოკუპაციის შესახებ კანონი და რუსეთი რომ ოკუპანტია, საქართველოს არცერთ მოქალაქეს ეჭვი არ ეპარება. ამაზე კითხვის ნიშნები არც უნდა არსებობდეს. შესაბამისად, ოკუპაციის კანონი არსებობს და კიდევ დამატებითის შემოღება გამირიცხულია“.