გიორგი მსხილაძე - უსაფრთხოების საბჭოს მოვალეობაა, შეაფასოს შიდა და გარე საფრთხეები, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს და ხელმძღვანელობას
კონსტიტუციის თანაავტორმა უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური. ის არის ქვეყნის ერთიანობის და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, წარმოადგენს სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობებში და არის ქვეყნის უმაღლესი სარდალი, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.
მსხილაძე გამოეხმაურა უსაფრთხოების საბჭოსთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც: „პრეზიდენტს აქვს კონკრეტული კომპეტენციები და უნდა გააცნობიეროს მეხუთე წელს მაინც, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია მთავრობა“.
გიორგი მსხილაძის თქმით, უსაფრთხოების საბჭოს მოვალეობაა, შეაფასოს შიდა და გარე საფრთხეები და აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს.
„მინდა, გამოვეხმაურო უმრავლესობის ლიდერის განცხადებას, რომელიც გუშინ გააკეთა კონსტიტუციასთან და პრეზიდენტის მოვალეობებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ხდება მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა, ვინაიდან ამ კონსტიტუციის თანაავტორმა უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური. ის არის ქვეყნის ერთიანობის და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. ის წარმოადგენს სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობებში და არის ქვეყნის უმაღლესი სარდალი. რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს, უსაფრთხოების საბჭოს მოვალეობაა, შეაფასოს შიდა და გარე საფრთხეები და აღნიშნული ინფორმაცია ანალიტიკური სახით მიაწოდოს ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს და ქვეყნის ხელმძღვანელობას“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.