გიორგი მსხილაძე - სამწუხაროა, რომ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით საერთოდ არ ხდება ვენეციისა და ეუთო/ოდირის დასკვნის გათვალისწინება
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, გასაკვირია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და იურიდიულმა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა.
როგორც მსხილაძემ აღნიშნა, შეთავაზებული იყო კომპრომისული ვარიანტი, სადაც ხმების რაოდენობა დადიოდა სამ-მეხუთედამდე, რისი პრეცედენტიც საქართველოს პარლამენტში უკვე იყო.
„ჩვენი შემოთავაზებული ვარიანტი იყო კომპრომისული ვარიანტი. მიუხედავად იმისა, რომ პირველად პროექტში გათვალისწინებული იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და არაპროფესიული წევრების 100 ხმით არჩევა, ჩვენ შევთავაზეთ 90 ხმა, ანუ 3/5, რისი პრეცედენტიც პარლამენტში იყო სახალხო დამცველის არჩევის დროს. ეს გამოიწვევდა მეტ ჩართულობას, კომპრომისს, მეტ ურთიერთობას პარტიებს შორის. ვფიქრობ, ეს დადებით გავლენას მოახდენდა ცხრა ნაბიჯზე, რომელიც გადასადგმელი გვაქვს, რათა ქვეყანა წლის ბოლოს მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდეს.
ძალიან ბევრი ბრალდება იყო ჩვენ მიმართ, თითქოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ორი წლით გააჭიანურა პროცესი და ასე შემდეგ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნული პროცესი როცა მიმდინარეობდა, ქალბატონი ნინო ჩხობაძე იყო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ერთ-ერთი წარმომადგენელი. ისინი დაუღალავად შრომობდნენ 24 საათის განმავლობაში და მათი შრომის არდაფასება, წყალში გადაყრა ნამდვილად არ შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, 90 ხმის პრეცედენტი არსებობს საქართველოს პარლამენტში და, სხვა პარტიების ჩართულობით, შესაძლებელი იქნებოდა, 90 ხმით არჩეულიყო ცენტრალური კომისიის თავმჯდომარე“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
კითხვაზე, როგორ შეაფასებს საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ იზიარებს, გიორგი მსხილაძემ აღნიშნა:
„ერთი ერთში შეიძლება არ არის, ამიტომ ვთავაზობთ კომპრომისულ ვარიანტს. ყოველ შემთხვევაში, ძალიან სამწუხაროა, რომ საერთოდ არ ითვალისწინებენ ვენეციისა და ეუთო/ოდირის დასკვნას. უბრალოდ, კითხვა ჩნდება, რისთვის ელოდებოდნენ ექვსი თვე ამ კანონის ვენეციის კომისიიდან დაბრუნებას?“ – აღნიშნა გიორგი მსხილაძემ.
იურიდიულმა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა. სალომე ზურაბიშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს 5 მარტს დაადო ვეტო.