გიორგი მსხილაძე - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტის შეჩერება პრეზიდენტის უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევაა, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ
საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა. საქართველოს სასამართლო ხელისუფლება პირდაპირ და უკანონოდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში და შეაჩერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტი, მაშინ როდესაც პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით აქვს სრული უფლებამოსილება, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.
მსხილაძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეუთო/ოდირს, აღნიშნულ საკითხზე მოახდინონ სათანადო რეაგირება.
„პირველი – თქვენ ამ თვითნებობის უფლება არ გაქვთ; მეორე – ეს არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა; მესამე – ეს არის კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობის, რომლისთვისაც ერთი განსხვავებული აზრიც კი მიუღებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევა, მიუღებელია საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისთვის. დღეს გაუგონარი რამ ხდება. ეს უკვე მთლიანად ქვეყნის ტრაგედიაა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არავის აქვს უფლება, დემოკრატიულად, ხალხის მიერ არჩეულ სახელმწიფოს მეთაურს წაართვას მისთვის კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებამოსილება.
მივმართავთ საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეუთო/ოდირს, რომლის წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატურის შერჩევის პროცესს. ეს იყო გამჭვირვალე პროცესი. მივმართავთ და მოვუწოდებთ ყველას, აღნიშნულ საკითხზე მოახდინონ სათანადო რეაგირება“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალწარმოების დასრულებამდე შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კ.წ.-ის დანიშვნის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი 15 ივლისს დანიშნა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდნენ: მანუჩარ კაკოჩაშვილი, გიორგი ბურჯანაძე, თამარ ალფაიძე, დიმიტრი გაბუნია და კახა წიქარიშვილი.