გიორგი მსხილაძე - ცესკო-ში გადაწყვეტილებები ხმების ორი მესამედით რომ უნდა მიღებულიყო, ახლა უბრალო უმრავლესობით მიიღება, ეს ერთპარტიული გადაწყვეტილებაა და საარჩევნო კოდექსს აუარესებს
ცესკო-ში გადაწყვეტილებები ხმების ორი მესამედით რომ უნდა მიღებულიყო, ახლა უბრალო უმრავლესობით მიიღება, ეს ერთპარტიული გადაწყვეტილებაა და საარჩევნო კოდექსს აუარესებს, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია პარლამენტს მოუწოდებდნენ, რომ არ შეიძლება, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა.
„პარლამენტი, სავარაუდოდ, მოტივირებულ შენიშვნებს დაძლევს. განსხვავება იმაშია, რომ ცესკო-ში გადაწყვეტილებები 2/3-ით რომ უნდა მიღებულიყო, ეს გაუქმდება და გადაწყვეტილება უბრალო უმრავლესობით მიიღება. ეს ერთპარტიული გადაწყვეტილებაა, რადგან როგორი ხმების რაოდენობითაც აირჩევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, იგივე რაოდენობა, ანუ 76 ხმა სჭირდება არაპარტიული წევრების არჩევასაც. ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი მოუწოდებდნენ პარლამენტს, რომ არ შეიძლება, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საარჩევნო კანონმდებლობაში შევიდეს რაიმე ცვლილება, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობას აუარესებს. ჩვენი ხედვით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები საარჩევნო კოდექსს აუარესებს. მიგვაჩნია, რომ კონსენსუსზე მიღებული გადაწყვეტილება მეტად ეფექტური და საფუძვლიანია, ვიდრე უბრალო უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება“, – აღნიშნა მსხილაძემ.