გიორგი მსხილაძე - არ შეიძლება, „საარჩევნო კოდექსი“ ერთი ხელით გააუმჯობესო, მეორეთი გააკეთო ის, რაც ინკლუზიურობას შეუშლის ხელს, პრეზიდენტი ცესკო-სთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს გამოიყენებს
არ შეიძლება, „საარჩევნო კოდექსი“ ერთი ხელით გააუმჯობესო და მეორე ხელით ისეთი რამ გააკეთო, რაც პროცესის ინკლუზიურობას შეუშლის ხელს, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ცესკო-სთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლებას გამოიყენებს.
„ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატების წარდგენის პროცესიდან პრეზიდენტი მთლიანად ჩამოშორებულია, რადგან, მოქმედი წესით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იკრიბებოდა შესარჩევი კომისია. პრეზიდენტს ასეთი ათამდე კონკურსი აქვს ჩატარებული და არცერთი კონკურსი არ ჩატარებულა დარღვევით. რაიმე საკანონმდებლო ხარვეზი თუ იყო, შეიძლებოდა, გამოსწორებულიყო, როგორც ეს გაკეთდა 2022 წლის 6 იანვარს, როცა ცვლილებები შევიდა „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში. პრეზიდენტმა მმართველი გუნდისთვის სასურველი კანდიდატურა არ წარმოადგინა და უმრავლესობა ამას პირდაპირ ამბობს. პრეზიდენტმა თავად თქვა, რომ ეს ცვლილებები ევროკავშირთან არ გვაახლოებს, პირიქით, გვაშორებს. არ შეიძლება, „საარჩევნო კოდექსი“ ერთი ხელით გააუმჯობესო და მეორე ხელით ისეთი რამ გააკეთო, რაც პროცესის ინკლუზიურობას შეუშლის ხელს. პრეზიდენტმა თქვა, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებს“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
„საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ცესკო-ს თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. 10 მაისს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ცესკო-სთან დაკავშირებულ კანონპროექტს, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.