გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მუხლობრივ განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ნაწილში, მუხლობრივ განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ამის შესახებ მსხილაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მსხილაძის თქმით, სხდომაზე მან პასუხი გასცა იმ შეკითხვებს, რომლის მანდატიც ჰქონდა.
„მუხლობრივ განხილვაში მე ვერ შემოვიდოდი და თუ გგონიათ ჩემგან დარღვევა, რომ კანონის მუხლობრივ განხილვაში არ შემოგყევით და რაღაც დავარღვიე, კომპეტენცია და გაკვეთილები ჩამიტარეთ, ეს მიუღებელია იურიდიული კომიტეტისთვის და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, რომელიც მესამე მოსმენით 67 წამში დაამთავრეთ, ეს ნორმალურია? მარათონია თუ კომიტეტი? ეს არის საკითხავი“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
ამასთან, ანრი ოხანაშვილის შეკითხვაზე, რატომ არ პასუხობს კითხვას კანონის სათაურთან დაკავშირებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უპასუხა: „იმიტომ“.