გიორგი მშვენიერაძე - ევროსასამართლომ სულხან მოლაშვილის საქმეზე დაადგინა, რომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ პირს სრული წვდომა უნდა ჰქონდეს სამედიცინო სერვისებზე, რაც სააკაშვილს შეზღუდული აქვს
მიხეილ სააკაშვილი არაერთგზის დაექვემდებარა არაადამიანურ და ღირსებაშემლახავ მოპყრობას, აუცილებელია, მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, ამ საქმეზე არის არა რიგითი მოწმე, არამედ დაზარალებული, – ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ადვოკატებს სამართლებრივ ბერკეტებსაც მისცემს.
„ჩვენ მიერ წარდგენილი ინფორმაცია, გვაძლევს საფუძველს, ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არაერთგზის დაექვემდებარა არაადამიანურ და ღირსებაშემლახავ მოპყრობას და ეს მოპყრობა არის განგრძობადი ხასიათის, რადგან მას დღესაც არ ეძლევა სათანადო სამედიცინო სერვისებით სარგებლობის საშუალება.
როცა ვსაუბრობთ ზოგადად არაადამიანურ და ღირსებაშემლახავ მოპყრობაზე, კარგად უნდა გვახსოვდეს, თუნდაც ისეთი საქმეები, როგორიცაა „მოლაშვილის საქმე საქართველოს წინააღმდეგ“, ევროსასამართლომ სტანდარტად სწორედ ეს დაადგინა, რომ პირს, რომელიც იმყოფება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უნდა ჰქონდეს სრული წვდომა სამედიცინო სერვისებზე, რაც მიხეილ სააკაშვილს დღესაც შეზღუდული აქვს.
რაც შეეხება თავად არაადამიანურ და ღირსებაშემლახავი მოპყრობის ფაქტებს, საზოგადოებას ნაწილი ნანახი აქვს, მაგრამ ადვოკატებს ინფორმაცია გაცილებით მეტი გვაქვს და ყველა დეტალზე საზოგადოების ინფორმირებას მედიით ვერ ვახდენთ, მაგრამ აუცილებელია, ეს ინფორმაცია იცის თავად პროკურატურამ და ინსპექტორის სამსახურმა, მას მიენიჭოს სტატუსი. სტატუსი არის იმ მდგომარეობის გამოხატვა, რომელშიც იმყოფება. ის ამ საქმეზე არის არა რიგითი მოწმე, არამედ დაზარალებული და ამ სტატუსის მინიჭებას ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა გააჩნია. ცხადია, სტატუსის მინიჭება ჩვენ მოგვცემს სამართლებრივ ბერკეტებსაც და იმედია, პროკურატურა არ გაურბის და არ ეშინია, სრულად გვქონდეს ინფორმაციაზე წვდომა.
დაზარალებულის სტატუსის მინიჭება წარმოშობს უფლებას მიხეილ სააკაშვილისთვის და მისი ადვოკატებისთვის, სრულად გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს. ეს უფლება ჩვენ გვეკუთვნის, რადგან სააკაშვილი რეალურად არის დაზარალებული“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
ადვოკატებმა ცოტა ხნის წინ გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის შესახებ განცხადებით მიმართეს. ამასთან, ისინი ითხოვენ, ჩატარდეს სააკაშვილის სრული სამედიცინო ექსპერტიზა, განსაკუთრებით ნევროლოგიური და ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური მიმართულებით.