გიორგი მშვენიერაძე - ხალხის ქუჩაში გამოსვლა იყო მართლმსაჯულების სფეროში დაგროვილი პრობლემების შედეგი, რამაც არასრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან ერთად ამოხეთქა
ბოლო დღეებმა გვაჩვენა, რომ საზოგადოების ქუჩაში გამოსვლა იყო არა მხოლოდ ერთი კონკრეტული საქმის, არამედ მართლმსაჯულების სფეროში წლობით დაგროვილი პრობლემების შედეგი, რამაც ამ საქმესთან ერთად ამოხეთქა, – ამის შესახებ “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” გამგეობის წევრმა, გიორგი მშვენიერაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დღეებში გამოჩნდა, რომ სისხლის სამართლის სფეროსა და ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემაში სერიოზული ჩავარდნები და პრობლემებია.
როგორც მშვენიერაძემ აღნიშნა, დაზარალებულ მხარეს დღემდე არ აქვს უფლება, საკუთარი შვილის მკვლელობის საქმის ასლი სახლში წაიღოს, რადგან პროკურატურა ეუბნება, რომ მას მხოლოდ წაკითხვის უფლება აქვს და საქმის ასლს სახლში არ გაატანს.
„მხარეს შეზღუდული აქვს უფლება, ის, რაც წაიკითხა, სხვებს მოუყვეს, რადგან ამ ბოლო დროს, პროკურატურა უკვე ძალიან ბევრ საქმეზე ამბობს, რომ გაუხმაურებლობის ხელწერილი უნდა დადო და არ უნდა ილაპარაკო“, – განაცხადა მშვენიერაძემ.
როგორც “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” გამგეობის წევრმა აღნიშნა, გაუხმაურებლობის ხელწერილს პროკურატურა იმისთვის იყენებს, რომ საქმის შესახებ მხარეებმა საჯაროდ არ ილაპარაკონ, მაგრამ როცა პროკურატურას თავად მოუნდება, ყოველთვის გამოდის და ლაპარაკობს იმას, რაც მიაჩნია, რომ საზოგადოებამ მისგან უნდა გაიგოს.