გიორგი მშვენიერაძე - სამი დღის წინ იყო ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანის სამართლიანი პროტესტი იყო მცდელობა, რომ ჩვენ შევსულიყავით პარლამენტში და იქ მოგვესმინა პოლიტიკოსების ხმა
ჩვენ მოვითხოვდით და მოვითხოვთ, ხელისუფლებამ, ნაცვლად რადიკალიზაციისა გადმოდგას ნაბიჯი და თქვას, ჩვენ მზად ვართ ველაპარაკოთ საზოგადოებას, დღემდე ჩვენ ეს ხელისუფლებისგან არ მოგვისმენია, – ამის შესახებ ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს განაცხადა.
როგორც გიორგი მშვენიერაძემ აღნიშნა, უკვე მესამე დღეა აქციას მართავენ ადამიანები, რომლებსაც მიაჩნია, რომ პარლამენტის შენობაში არ არის რუსების ადგილი.
„ჩვენ ვართ თავისუფალი ერი, თავისუფალი ადამიანები, რომლებიც უკვე ორ საუკუნეზე მეტია, ვებრძვით ჩვენს ფსევდო, ერთმორწმუნე ერს, რომელიც მიძვრება არა მარტო ჩვენს ხელისუფლებაში, არამედ საკუთარ ბინძურ ხელებს აფათურებს ჩვენს სულებში. ჩვენ უნდა გავიწმინდოთ, გავიწმინდოთ ხელისუფლებიდანაც, რომელიც ხშირად ამოივსება ხოლმე რუსული ნარატივით და გავათავისუფლოთ ჩვენი სულები. იქ არ არის მონობის ადგილი. ჩვენს სულებში თავისუფლება უნდა იყოს. დღეს მერგო პატივი იმ 6500 კაცის სახელით გვესაუბრა, რომლებმაც პირველად აქ ერთი წლის წინ შეიკრიბეთ და ბრძოლა დავიწყეთ თავისუფლებისთვის. არაფერი გვაქვს იმაზე ძვირფასი, ვიდრე ჩვენი თავისუფლებაა, ვიდრე ჩვენი დამოუკიდებლობაა, ვიდრე ჩვენი სინდისის სასარგებლოდ საქმიანობაა. ჩვენ სამი დღის წინ ამ შენობაში არ მივეცით საშუალება, თუნდაც ჩვენთვის არასასურველი პოლიტიკური ლიდერის, მაგრამ ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში თავისი აყროლებული უკანალი ჩაედო ჩვენს მტერს“, – განაცხადა მშვენიერაძემ.
მისივე თქმით, სამი დღის წინ გაბრაზებული ადამიანები ცდილობდნენ, შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში და იქიდან მოესმინათ პოლიტიკოსების ხმა.
„რაც ჩვენ აქ ვიხილეთ სამი დღის წინ იყო, ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანის სამართლიანი პროტესტი, იყო მცდელობა, რომ ჩვენ შევსულიყავით შიგნით და იქიდან მოგვესმინა პოლიტიკოსების ხმა, რადგან მთელი დღე ვიდექით აქ, „რედისონთან“, სადაც რუსი დაძრწოდა, მაგრამ არ გველაპარაკა ხელისუფლება. ჩვენ მოვითხოვდით და მოვითხოვთ, ხელისუფლება, ნაცვლად რადიკალიზაციისა გადმოდგას ნაბიჯი და თქვას, ჩვენ მზად ვართ ველაპარაკოთ საზოგადოებას. დღემდე ჩვენ ეს ხელისუფლებისგან არ მოგვისმენია. გაბრაზებული ადამიანები, რომლებიც აქ ჭიდაობაში ჩაერთვნენ, ახლა არიან პატიმრობაში ალბათ, ზოგიერთი თქვენგანი ფიქრობს დიახ, მათ კანონი დაარღვიეს, მაგრამ ხელისუფლებას ფეხებზე კიდია კანონი, რადგან კანონი დაარღვია ათეულობით პოლიციელმა, რომელთაგან ერთიც კი არ დასჯილა. ჩვენ მივიღებდით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯს, რომ სამართალდამრღვევები დაესაჯა. იცით, ვის მიაწერენ პირველი კონვეიერის გამოგონებას საუკუნე და 20 წლის წინ? – „ფორდს“, კარგია ხომ კონვეიერი, სწრაფად აკეთებს საქმეებს. ჩვენმა სამარცხვინო ხელისუფლებამ კონვეიერი სასამართლოში გაგვიმართა, სადაც ხუთ წუთში ერთხელ ერთ ადამიანს ასამართლებდნენ. ყოველგვარი მოწმის, ყოველგვარი მტკიცებულების ადვოკატის გარეშე. ამ სამარცხვინო სასამართლოდ პირობებში დაპატიმრებული ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“, – განაცხადა მშვენიერაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ინსტიტუტების მშენებლობა 15 წლის წინ დაიწყო და მა დროის განმავლობაში ბევრი შეეშალა და ბევრიც ისწავლა.
„ვისწავლეთ, რომ გვჭირდება შს მინისტრები, რომლებიც ხერხემალი კი არ არიან, არამედ სინდისი არიან ქართული საზოგადოების. გახარიამ გადაწყვიტა, რომ ყოფილიყო არა სინდისი ქართული პოლიციის, საზოგადოების, არამედ გამხდარიყო მუშტებზე დაფუძნებული პოლიციელების დამცველი, რომლებიც აქედან სახეში დამიზნებით ესროდნენ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც უნდოდათ, რომ არა დაეშალათ აქციის მონაწილეები, არამედ დაღი დაესვათ დაემახინჯებინათ დაესახიჩრებინათ. ჩვენ არ გვჭირდება მინისტრი, რომელიც ხალხს აბრმავებს, ამიტომ გახარია უნდა წავიდეს“, – განაცხადა მშვენიერაძემ.