გიორგი მშვენიერაძე - ახალ მთავარ პროკურორს ელოდება დიდი გამოწვევა, რაც პროკურატურის ძალიან დაცემული ავტორიტეტის დაბრუნებას გულისხმობს
თეა წულუკიანია პასუხისმგებელი იმაზე, რომ სასამართლოში საშინელი სიტუაცია გვაქვს და მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო გვყავს, – განაცხადა “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” გამგეობის წევრმა, გიორგი მშვენიერაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
მისი თქმით, რეფორმების სამი ტალღა, რომელიც უნდა გატარებულიყო და ეფექტიანი ყოფილიყო, თეა წულუკიანის მიერ იყო ინიცირებული, მაგრამ ამან შედეგები ვერ გამოიღო.
როგორც მშვენიერაძემ აღნიშნა, თუ ხელისუფლება კრიზისის წარმოშობის მიზეზებს ახლა აცნობიერებს, პირველ რიგში, ცვლილებები იმ პოლიტიკური თანამდებობის პირებით უნდა დაიწყოს, ვინც ცვლილებებზე იყო პასუხისმგებელი და ეს არ გააკეთა.
„წლების განმავლობაში, ვინ იყო პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს რეფორმები გატარებულიყო?! საშინელია და შესაცვლელია საბჭოთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და დღესაც რომ არ არის შეცვლილი, ვისი პასუხისმგებლობაა?! იუსტიციის მინისტრი, ანუ მართლმსაჯულების მინისტრი ქალბატონი თეა წულუკიანია, რომელსაც წლების განმავლობაში ეს უნდა გაეკეთებინა. ჩვენს ამას ვთხოვდით, ვხვდებოდით, სხვადასხვა ფორმატში ვმონაწილეობდით, მაგრამ ეს არ გაკეთდა“, – განაცხადა მშვენიერაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა ეს პოლიტიკური ბრძოლა იმის გათვალისწინებით, რომ უმეტეს შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან ფაქტობრივად, პოლიტიკური განცხადებები კეთდება, როგორიცაა მაგალითად, იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომ როცა სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილებაზეა საუბარი, საუბარია პოლიტიკაზე და განცხადების შინაარსი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური იქნება.
როგორც მშვენიერაძემ აღნიშნა, მისასალმებელია პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ახალი პროცესი დაიწყო და ახალი მთავარი პროკურორი საყოველთაო კონსენსუსის შედეგად შეირჩევა, მაგრამ როცა ამას ავალებს თეა წულუკიანს, რომელიც ამბობს, რომ შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო, ეს უკვე ცინიზმია, რაც ხელისუფლებიდან ჩანს.
„შეუძლებელია, ადამიანმა, რომელმაც თქვა, რომ შოთაძე კარგი პროკურორი იყო და არ უნდა წასულიყო, ისეთი მთავარი პროკურორის მოსვლაზე იზრუნოს, როგორზეც პრემიერი გველაპარაკებოდა. მთავარ პროკურორს ძალიან დიდი გამოწვევა ელის, რაც პროკურატურის ძალიან დაცემული ავტორიტეტის დაბრუნებაში გამოიხატება“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.