გიორგი მიქაუტაძის გოლის მიუხედავად, „მეცი“ საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითდა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთში მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩენილმა „მეცმა“ ლიგა 1-ის პლეი ოფში „სენტ ეტიენთან“ საპასუხო მატჩი 2:2 ითამაშა და ლიგა 2-ში დაქვეითდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდმა პირველი მატჩი სტუმრად 1:2 წააგო. საპასუხო დაპირისპირებაც „მეცისთვის“ ძალიან ცუდად დაიწყო – უკვე მე-6 წუთზე პაპე დიალოს უხეშობისთვის წითელი ბარათი აჩვენეს და მოედნიდან გააძევეს.
ამის მიუხედავად, „მეცმა“ პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა. მე-17 წუთზე ლამინე კამარამ ანგარიში გახსნა, 25-ე წუთზე კი გიორგი მიქაუტაძემ გაიბრწყინა – პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად გამოიყენა და მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
ამის შემდეგ „სენტ ეტიენმა“ შეუტია და ათ წუთში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – კუთხურის გათამაშების შემდეგ ბურთი შეტევაში ჩართულმა ლეო პეტრომ გაიტანა.
შეხვედრის ძირითადი დრო 2:1 დასრულდა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა. „სენტ ეტიენმა“ რიცხვობრივი უპირატესობით მაინც ისარგებლა – 117-ე წუთზე ალიუ ვაჯიმ ანგარიში გაათანაბრა და „სენტ ეტიენს“ ლიგა 1-ის საგზური მოუტანა, ქართველის გუნდი კი ლიგა 2-ში დაქვეითდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა სეზონი 14 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით დაასრულა. დიდი ალბათობით, გიორგი მიქაუტაძე გუნდს დატოვებს.