გიორგი მიქაუტაძე - ზომიერების ფარგლებში ჯანსაღი კრიტიკა მისაღები უნდა იყოს
არ ვფიქრობ იმას, რომ რაღაც ხისტი მოძრაობები უნდა ვაკეთოთ იმის გამო, რომ კრიტიკული მოსაზრებები გამოითქმის ამა თუ იმ პროცესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დამტკიცებულმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზომიერების ფარგლებში ჯანსაღი კრიტიკა მისაღები უნდა იყოს.
„არა მარტო გუშინ, არამედ მთელი ჩემი სამოსამართლეო მოღვაწეობის განმავლობაშიც, ძალიან ხშირად ყოფილა დღეები, როდესაც მქონდა შეხება გარკვეულ პროტესტთან, მათ შორის ჩემი გადაწყვეტილების გამო, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესების გამო. ვფიქრობ, ზომიერების ფარგლებში ჯანსაღი კრიტიკა მისაღები უნდა იყოს. ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, ყველას აქვს უფლება, გარკვეული მოვლენები გააპროტესტოს და თავისი მოსაზრება გამოთქვას ამ საკითხზე.
ვერ მივიჩნევ ნამდვილად, რომ ეს შეიძლება ჩვენი მუშაობის ან რაღაც ინსტიტუციების შეფერხების საფუძველი უნდა გახდეს, თუმცა ბუნებრივია, უნდა ვუსმინოთ იმ კრიტიკას, რასაც ვიღებთ და ჯანსაღი კრიტიკა შესაძლებელია გასათვალისწინებელიც იყოს. ამიტომ, მე არ ვფიქრობ იმას, რომ რაღაც ხისტი მოძრაობები უნდა ვაკეთოთ იმის გამო, რომ კრიტიკული მოსაზრებები გამოითქმის ამა თუ იმ პროცესთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.