გიორგი მიქაუტაძე - უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების შერჩევისას საბჭომ კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმით იხელმძღვანელა
გიორგი მიქაუტაძე - უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების შერჩევისას საბჭომ კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმით იხელმძღვანელა

კანდიდატურების შერჩევისას საბჭომ კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმით იხელმძღვანელა, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„არჩევანი მხოლოდ მოქმედ მოსამართლეებზე შევაჩერეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. წარდგენილი მოსამართლეები აკმაყოფილებენ როგორც კეთილსინდისიერების, ასევე კომპეტენტურობის კრიტერიუმებს. ძირითადად, ყოველი მათგანი უვადოდ გადანიშნული მოსამართლეა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ და წინა შემადგენლობის მიერ მათი საკითხები განხილულია. შესაბამისად, ესენი არიან ადამიანები და კანდიდატები, რომლებიც ნებისმიერ კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ, რაც არ უნდა შემოგვთავაზონ ყველაზე უფრო კრიტიკულად განწყობილმა წევრებმა“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებმა გადაწყვეტილება გუნდურად და ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ მიიღეს.

„შევარჩიეთ პრინციპები, რომლის მიხედვითაც მოსამართლეების შერჩევა მოხდებოდა. ეს არის პრინციპები და კრიტერიუმები, რომლებიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონშია გაწერილი. ამას ყველა კანდიდატი აკმაყოფილებს. რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატებს, ბატონი მიხეილ ჩინჩალაძე და ბატონი დიმიტრი გვრიტიშვილი ძალიან კომპეტენტური მოსამართლეები არიან. მათ სასამართლო სისტემაში მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვთ. სასამართლო სისტემის თითოეული მოსამართლისგან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან ორივე მათგანს ძალიან მაღალი ნდობა აქვს. ასევე, ყველა წარდგენილი კანდიდატი, ძირითადად, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა და მათ ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. კანდიდატურები კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმით არიან შერჩეული“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

როგორც მიქაუტაძემ აღნიშნა, საბჭოს არამოსამართლე წევრები მუდმივად ეხებიან თემას, როგორიცაა გახმაურებული საქმეები, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ დაასახელებს სისტემაში თუნდაც ერთ მოსამართლეს, რომელსაც გახმაურებული საქმე არ ექნება განხილული.

„ჩვენ, მოსამართლეებს, არ გვაქვს უფლება, უარი ვთქვათ მართლმსაჯულებაზე ან საქმეები ჩვენი შეხედულებისამებრ ამოვარჩიოთ. საქმეები შემთხვევითი განაწილების პრინციპით ნაწილდება და ჩვენ კანონის შესაბამისად ვიხილავთ როგორც გახმაურებულ, ისე გაუხმაურებელ საქმეებს. რაც შეეხება მიღებულ გადაწყვეტილებებს, კანონმდებლობის თანახმად, ერთადერთი წესი, რომლითაც შეიძლება, სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვალოს, სასამართლოს მეორე გადაწყვეტილებაა. თუ ასეთი მიღებული არ იქნება, მოსამართლის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია და დღევანდელი მდგომარეობით, არავის აქვს უფლება, ეს გადაწყვეტილებები ეჭვქვეშ დააყენოს“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

ამ განცხადებით გიორგი მიქაუტაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არსებობს თუ არა მისთვის კითხვები კანდიდატებთან დაკავშირებით, რადგან საზოგადოების უკმაყოფილება მათ მიერ წლების წინ მიღებულმა განაჩენებმა გამოიწვია და უფლებადამცველებს პრეტენზიები აქვთ ჩინჩალაძის, გვრიტიშვილისა და სხვების კეთილსინდისიერებასთან თუ კომპეტენტურობასთან დაკავშირებით.