გიორგი მიქაუტაძე - უარს ვამბობ სააპელაციო სასამართლოში შეტანილ განაცხადზე და დაწინაურებაზე
მე მაქვს ამის სურვილი და უფლებაც, რომ უვადოდ დანიშვნაზე მქონდეს პრეტენზია და სწორედ ამიტომ ვტოვებ ჩემს კანდიდატურას თბილისის საქალაქოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, იუსტიციის საბჭოს სხდომაზე მოსამართლეთა კანდიდატების შესარჩევი კენჭისყრის პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობაზე უარი თქვა და უვადოდ გადანიშვნაზე საქალაქო სასამართლოშივე იყრის კენჭს.
„მე უარს ვამბობ სააპელაციო სასამართლოში შეტანილ განაცხადზე და ამ კუთხით დაწინაურებაზე. საბჭოს ვთხოვ, განიხილოს ჩემი კანდიდატურა იქ, სადაც ამჟამად ვარ გამწესებული – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში. ჩემი თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 2 წელი. მე მაქვს ამის სურვილი და უფლებაც, რომ უვადოდ დანიშვნაზე მქონდეს პრეტენზია და სწორედ ამიტომ ვტოვებ ჩემს კანდიდატურას თბილისის საქალაქოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში”, – განაცხადა მიქაუტაძემ.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, აპირებს თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატობაზე განაცხადის გაკეთებას, მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ ამას არ გამორიცხავს, თუმცა ჯერ განაცხადი არ შეუვსია.