გიორგი მიქაუტაძე - ტყუილებით ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელოვნურად შეუქმნან საფუძველი „ვეტინგის“ პროცედურას, გავრცელებული ყალბი ფაქტების უარყოფის მოთხოვნით სამოქალაქო სარჩელს შევიტან
გიორგი მიქაუტაძე - ტყუილებით ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელოვნურად შეუქმნან საფუძველი „ვეტინგის“ პროცედურას, გავრცელებული ყალბი ფაქტების უარყოფის მოთხოვნით სამოქალაქო სარჩელს შევიტან

ჩვენთვის მიუღებელია „ვეტინგის“ სისტემა და არა – მოსამართლეების შემოწმება. გამოგონილი ტყუილებით ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელოვნურად შეუქმნან საფუძველი „ვეტინგის“ პროცედურას, რისი მიზანიც სასამართლო ხელისუფლების დამორჩილებაა, – ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

მიქაუტაძის თქმით, ჩვეული მეთოდებით დაწყებულია ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით ცილისმწამებლური კამპანია.

გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ, გავრცელებული ყალბი ფაქტების უარყოფის მოთხოვნით, სამოქალაქო სარჩელს შეიტანს.

„ბოლო პერიოდში სასამართლო ხელისუფლების მიმართ დაწყებულია მორიგი კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ე.წ. ვეტინგის სისტემით მოსამართლეების შემოწმებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ დავინტერესდით, რა სამართლებრვი და ფაქტობრივი საფუძვლები აქვს ამ ინიციატიავს, დავინტერესდით, გვენახა,  რატომ გაჩნდა ასეთი ინიციატივა, მსგავსი მტკიცებულება ვერ ვნახეთ და ვერ მოვიპოვეთ. სამაგიეროდ, ჩვეული მეთოდებით დაწყებული არის ცილისმწამებლური კამპანია ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იქნება ეს პოლიტიკური ჯგუფების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული განცხადებები. სატელევიზიო შოუების მოწყობით ცდილობენ, მაქსიმალურად შეუქმნან საფუძველი „ვეტინგის“ სისტემით შემოწმების ჩატარებას. აშკარაა, რომ შემოწმების რეალური საფუძვლები არ არსებობს, არ არსებობს ამის ფაქტობრივი გარემოება და არანაირი მტკიცებულება. გამოგონილი ტყუილებით ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელოვნურად შეუქმნან საფუძველი „ვეტინგის“ პროცედურას, რისი მიზანიც გახლავთ სასამართლო ხელისუფლების დამორჩილება, გავლენების გაზრდა, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენების გაზრდა სასამართლო ხელისუფლებაზე და ამ ფორმით სასამართლო დამოუკიდებლობის შეკვეცა, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია. ნამდვილად ვერ მივცემ თავს უფლებას, რომ არაკეთილსონდისიერი განცხადებებით შეილახოს ჩემი ოჯახის რეპუტაცია. ამიტომ მე აუცილებლად შევიტან სამოქალაქო სარჩელს გავრცელებული ყალბი ფაქტების უარყოფის მოთხოვნით.

ჩვენთვის მიუღებელია „ვეტინგის“ სისტემა და არა – მოსამართლეების შემოწმება, რადგან დღევანდელი მდგოამრეობითაც და ბოლო 3-4 წელია, სისტემატიურად მიმდინარეობს პირადად ჩემი ქონებრივი მდგომარეობის შემოწმება. ამას აკვირდებიან ზუსტად ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლის მოთხოვნითაც ტარდება შემოწმება, თუმცა ამ პროცესში არ შეიქმნა არცერთი რეალური საფუძველი იმისთვის, რომ რაიმე დამატებითი შემოწმება განხორციელდეს. ზუსტად ასეთი ტყუილი ინფორმაციის გამოგონებით ახლა ცდილობენ, შექმნან ეს საფუძველი. გაურკვეველია, საიდან მოყვანილი ექსპერტებით იქნება დაკომპლექტებული ეს კომისია, რა მიზნებით იქნება შემნილი. ალბანეთის მაგალითი, რომელიც განხილვის საგანი გახდა საჯარო სივრცეში, გვაჩვენებს, რომ „ვეტინგი“ არის ძალიან ცუდი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ჩატარდეს სასამართლო სისტემის შემოწმება. ნახევარზე მეტი მოსამართლე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. თანაც, ამის ძირეული შინაარსი ხორციელდება პოლიტიკური ჯგუფების მოთხოვნით. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენჯერაც პოლიტიკური სპექტრი განახლდება ქვეყანაში, იმდენჯერ უნდა ჩატარდეს „ვეტინგი“ და იმდენჯერ განახლდეს სასამართლო კორპუსი? ეს დაანგრევს სასამართლოს დამოუკიდებლობას. სასამართლო აღარასდროს იქნება დამოუკიდებელი, თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ყველა ჯერზე პოლიტიკური სპექტრიდან წამოსული მსგავსი განცხადება ხორცს შეისხამს და მოსამართლეების მიმართ რეპრესიები დაიწყება“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.