გიორგი მიქაუტაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ფართის მომატების საჭიროება არსებობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ფართის მომატების საჭიროება არსებობს, – ასე პასუხობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას, საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით.
გიორგი მიქაუტაძეს მიაჩნია, რომ დამატებითი შენობა საჭიროა და დღეს არსებული შენობები უფუნქციოდ არ დარჩება.
მისივე განმარტებით, ჯერ უცნობია, რა თანხა დასჭირდება ახალი შენობის მშენებლობას, თუმცა გიორგი მიქაუტაძე არ გამორიცხავს, რომ დღეს არსებულ პროექტში ცვლილებების შეტანა აუცილებელი გახდეს.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც არსებობს საერთო სასამართლო სისტემაში შენობის მიმართულებით, რაიმე შენობა უფუნქციოდ დაგვრჩეს. ვინაიდან, არის ძალიან დიდი მოთხოვნილება ყველა მიმართულებით. სამივე მიმართულებით არის საჭიროება ფართის მომატების საქალაქო სასამართლოში.
მშენებარე ფლიგელი სრულად ვერ უზრუნველყოფს საქალაქო სასამართლოს მოთხოვნილებებს. ასევე მოგეხსენებათ, რომ ნაწილი საქალაქო სასამართლოსი ბულაჩაურის ქუჩაზეა განთავსებული.
სასამართლოს გადაეცა გარკვეული მიწის ნაკვეთი არსებული შენობის მიმდებარედ. საუბარია ამ მიწის ნაკვეთის განაშენიანებაზე.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ საქალაქო სასამართლოსთვის ამ თავისუფალ მიწის ნაკვეთზე აშენებულიყო შენობა. ახლა საუბარია ტექნიკურ დეტალებზე.
34 მილიონი გამოყოფილი არ არის. ეს არის საორიენტაციო ღირებულება იმ მომავალი განვითარების, რომელზეც საუბარია. შესაძლებელია ის თანხები, რომელიც ივარაუდებოდა ამ შენობისთვის, არ აღმოჩნდეს საკმარისი და ბიუჯეტის კორექტირებასთან გვქონდეს საქმე“,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
იუსტიციის საბჭოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. საკითხზე დამატებითი მსჯელობის გაგრძელება მომავალშიც იგეგმება.