გიორგი მიქაუტაძე - თამარ ჩუგოშვილის ინიციატივაზე მეტი არგუმენტი და სამართლებრივი საფუძვლები უნდა მოვისმინოთ
გიორგი მიქაუტაძე - თამარ ჩუგოშვილის ინიციატივაზე მეტი არგუმენტი და სამართლებრივი საფუძვლები უნდა მოვისმინოთ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის ინიციატივის შეფასებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე საკუთარ პოზიციას მეტი არგუმენტის მოსმენის შემდეგ დააფიქსირებს.

მისი თქმით, არსებობს სპეციალური საფუძვლები, თუ როდის შეიძლება, შეუწყდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილება.

„არსებობს სპეციალური საფუძვლები, თუ როგორ შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს. მაგალითად, შეიძლება ეს მოხდეს მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. ვფიქრობ, მეტი არგუმენტი და სამართლებრივი საფუძვლები უნდა მოვისმინოთ და ამის შემდეგ იქნება სწორი კომენტარი“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

კითხვაზე არის თუ არა შესაძლებელი, მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების შემთხვევა ერთდროულად ხუთი წევრის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პასუხობს, რომ ეს შეუძლებელია.

„თეორიულად შესაძლებელია, რამდენიმე პირი ერთდროულად არაჯეროვნად ასრულებდეს უფლებამოსილებას. თუმცა ინდივიდუალურად კონკრეტული შემთხვევაში დასაბუთებული უნდა იყოს“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

რაც შეეხება კანონპროექტს მოსამართლეთა უვადოდ განწესების 2025 წლამდე შეჩერების შესახებ, რომელსაც პარლამენტმა გუშინ მხარი არ დაუჭირა, მიქაუტაძე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ ერთ გამონაკლისს უშვებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე.

„პირველად განწესების შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ მოსამართლე სამი წლის ვადით დაინიშნოს, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში, მოსამართლე უნდა დაინიშნოს უვადოდ. ამიტომ ვფიქრობდი, რომ ეს კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია. ასე რომ, შედეგიც მოსალოდნელი იყო“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, გუშინ შედგა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და მიმდინარეობს მუშაობა, საკანონმდებლო ცვლილებებზე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების წარდგენის კრიტერიუმებისა და რეგულაციების შესახებ. საბჭოს კანდიდატების წარდგენაზე მსჯელობის შესაძლებლობა სწორედ ამ საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ექნება.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა გუშინ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ  თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოკლე ვადაში არ გააკეთებს განცხადებას მოსამართლეთა უვადო დანიშვნების შეჩერების თაობაზე, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან თავისი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი უნდა გამოიწვიოს.