გიორგი მიქაუტაძე - სასამართლოს ნდობა უნდა შეფასდეს კვლევებით და არა რამდნიმე ადამიანთან გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაციით
ეს არის რამდნიმე ადამიანთან გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაცია, რომელთაგან ზოგმა განაცხადა, რომ საბჭოს აქვს ნაკლები ნდობა, ზოგმა აღნიშნა რომ აქვს მეტი ნდობა. ასე ფასდება სასამართლოს ნდობა? – ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე.
რეკომენდაციაში საუბარი შეეხო, საბჭოს ნდობას და ნდობის დაბალ ხარისხსს, რასაც გიორგი მიქაუტაძე კომისიის მიერ რამდენიმე ადამიანთან გამართულ შეხვედრას უკავშირებს. მისივე თქმით, კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საბჭოს ნდობას კომისია ვერ შეაფასებს და მისი მოსაზრება ეფუძნება საქართველოში გამართულ შეხვედრებს.
„საბჭოს ნდობასთან დაკავშირებით იყო საუბარი ვენეციის კომისიის დასკვნაში, თუმცა იქვე კომისია ამბობდა, რომ ვერ შეაფასებს ნდობას და ამ განცხადებას აკეთებს ასე ვთქვათ გასაუბრების შედეგად, რომელიც რამდნიმე პოლიტიკურ და სხვადასხვა წრეებთან შეხვედრებზე მოისმინა. ეს არის რამდნიმე ადამიანთან გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაცია, რომელთაგან ზოგმა განაცხადა, რომ საბჭოს აქვს ნაკლები ნდობა, ზოგმა აღნიშნა რომ აქვს მეტი ნდობა. ასე ფასდება სასამართლოს ნდობა? მე ვფიქრობ, რომ არა. მე ვფიქრობ, რომ სასამართლოს ნდობა უნდა შეფასდეს იმ კვლევებით და შედეგებით, რომელიც გვაქვს. ბოლო რამდნიმე კვლევა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევა, რადიკალურად საპირისპირო შედეგებს აჩვენებს. ასეთ დროს ბუნებრივია ჩნდება კითხვები, თუ რატომ აფასებენ სასამართლოს ნდობას ერთი და ორი ისეთი ადამიანის შეფასების საფუძველზე, რომლის განწყობაც ჩვენ წინასწარ ვიცით,“- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით საქართველოს საპარალამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს შეეხებოდა 16 აპრილს გამოქვეყნდა.
დასკვნაში წერია, რომ კომისიის წევრებმა თბილისში შეხვედრებისას მიიღეს ინფორმაცია იუსტიციის საბჭოს შესახებ.
„თბილისში, ვენეციის კომისიის დელეგატების შეხვედრის შედეგად მიღებული ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საზოგადოების მნიშვნელოვან სეგმენტში ნდობის დაბალი ხარისხი აქვს. ვენეციის კომისია ვერ შეაფასებს არის თუ არა ნდობის დაბალი ფაქტორი სამართლიანი. მიუხედავად ამისა, ფაქტი, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მდგომარეობაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თითქმის ყველა კანდიდატს აარჩევს, აღნიშნული სია კი შემდეგ პარლამენტის უმრავლესობას გადაეცემა, რომელიც თავის მხრივ თითქმის ყველა კანდიდატს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დაამტკიცებს, შეშფოთების საგანს წარმოადგენს. ეს შესაძლოა, საზოგადოების ნდობის ფაქტორზე ნეგატიურად აისახოს. ისეთი ინსტიტუტი კი, როგორიც უზენაესი სასამართლოა, ქვეყანაში მაღალი ნდობით უნდა სარგებლობდეს“, – აღნიშნულია დასკვნაში.