გიორგი მიქაუტაძე - სასამართლო სისტემა ბევრად დამოუკიდებელი ხდება, ამას შესაძლოა, მტკივნეულად აღიქვამდნენ გარკვეული ჯგუფები
უდავოა, რომ სასამართლო სისტემა ბევრად დამოუკიდებელი ხდება და გახდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გიორგი მიქაუტაძემ პარლამენტში შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი სოფო კილაძე უზენაესი სასამართლოს კანდიდატისგან დაინტერესდა სასამართლოში არსებული ვითარებით.
„მე გაგახსენებთ ერთ შემთხვევას 2012 წლიდან. თქვენ მაშინ 17 პირი დააჯარიმეთ „ქართული ოცნებისთვის“ შემოწირულობის გაკეთების გამო. მაშინ, მე მგონია, რომ ეს წინა ხელისუფლების წიქვილზე წყალს ასხამდა. თუმცა, მაშინ არ უჩნდებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარი კითხვის ნიშანი თქვენ მიმართ, არც სხვა მოსამართლეების მიმართ და არც იმ გარკვეულ წრეებს, რომლებიც ახლა ძალიან ბევრს საუბრობენ სასამართლოში გავლენიან ჯგუფზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, რით შეიძლება ავხსნათ დღევანდელი ასეთი ხმაური სასამართლოს გარშემო და ასევე ამ ე.წ. გავლენიანი ჯგუფის გარშემო. უპირველესად, ამას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მაშინ მათ არ უჩნდებოდათ კითხვის ნიშნები. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი“, – მიმართა კითხვით სოფო კილაძემ.
გიორგი მიქაუტაძის თქმით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა გულისხმობს ყველანაირი გავლენის დაკარგვას გარეშე პირების მხრიდან.
„ეს მაგალითი, ეს საქმე გახმაურებულ საქმეებში შედის და ყველამ იცის. ეს კანონი დღევანდელი მდგომარეობითაც დაახლოებით ასეთი ფორმით მოქმედებს, ოდნავ შემცირებულია სანქციები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხუთმაგი ოდენობის ნაცვლად, ორმაგი ოდენობაა დღევანდელი მდგომარეობით, თუმცა რეგულაციები ანალოგიურია დღესაც. ჩემი ეს გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება კანონმდებლობას.
რაც შეეხება განწყობებს და განწყობების ცვალებადობას – მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია სასამართლოს დამოუკიდებლობის ზრდასთან. სასამართლო სისტემა ბევრად დამოუკიდებელი ხდება და გახდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს ავტომატურ რეჟიმში გულისხმობს ყველანაირი გავლენის დაკარგვას სასამართლო სისტემაზე გარეშე პირების მხრიდან, რასაც შესაძლოა, მტკივნეულად აღიქვამდნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც ასეთი სურვილები შესაძლებელია ამოძრავებდეთ“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.