გიორგი მიქაუტაძე - საბჭოს არამოსამართლე წევრმა გასაუბრება დაკითხვის ფორმატში წარმართა ორი საათის განმავლობაში, რაც უპრეცედენტო დროა და ცოტა დისკრიმინაციული მიდგომაც
ჩემდა გასაკვირად, საბჭოს არამოსამართლე წევრმა ეს გასაუბრება დაკითხვის ფორმატში წარმართა ორი საათის განმავლობაში, რაც უპრეცედენტო დროა და ვფიქრობ, ცოტა დისკრიმინაციული მიდგომაც, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ლევან მურუსიძესთან გასაუბრების შემდეგ განაცხადა.
„თუმცა, ამის წინააღმდეგი თავად კანდიდატიც არ იყო და არც საბჭოს წევრები იყვნენ წინააღმდეგნი. გასაუბრებაზე დასმულ ყველა კითხვას გაეცა პასუხი, რის შემდეგაც ჩვენ კენჭი ვუყარეთ ხუთ მოსამართლეს, რომელებიც უვადოდ გამწესდნენ სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ბოლოს და ლევან მურუსიძეს, რომელიც ასევე გამწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში უვადოდ. ვულოცავ მოსამართლეებს“,- განაცხადა მიქაუტაძემ.
რაც შეეხება იმას, რომ გასაუბრების დროს საბჭოს მოსამართლე წევრებს მურუსიძისთვის შეკითხვები არ დაუსვამთ, მიქაუტაძე განმარტავს, რომ მურუსიძემ ყველა დასმულ კითხვას ამომწურავად უპასუხა.
„ასეთი პრეცედენტი არ გვახსოვს, რომ ჩვენ კანდიდატი, რომელიც საბჭოს წინაშე გასაუბრებაზე გამოდიოდა, ორი საათის განმვლობაში ყოფილიყო გასაუბრებაზე და კითხვებზე გაეცა პასუხი. ვფიქრობ, რომ კითხვა, რომელსაც პასუხი არ გაეცა, არ დარჩენილა ლევან მურუსიძის მხრიდან”, – განაცხადა მიქაუტაძემ.
აღსანიშნავია, რომ კეთისლინდისიერების ნაწილში ლევამ მურუსიძემ 95 პროცენტი, ხოლო კომპეტენტურობის ნაწილში, 94 პროცენტი აიღო.
„მურუსიძის კომპეტენტურობასთან მიმართებით კითხვები არასდროს ყოფილა. მას სამოსამართლო საქმიანობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. რაც შეეხება კეთილსინდისიერებას, 12-მა წევრმა ჩათვალა, რომ ბატონი ლევანი კეთილსინდისიერია და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ კენჭისყრაზე დამდგარიყო საკითხი“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ განწესებას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი დაუჭირა.