გიორგი მიქაუტაძე - როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო სისტემატურად საქმიანობს, ბუნებრივია, საბჭოს სხდომები გარკვეულ მოვლენებს დაემთხვევა
გიორგი მიქაუტაძე - როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო სისტემატურად საქმიანობს, ბუნებრივია, საბჭოს სხდომები გარკვეულ მოვლენებს დაემთხვევა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი გიორგი მიქაუტაძე საფუძველს მოკლებულს უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის პოზიციას, რომ საბჭოს ახალი მდივნის არჩევა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე შესაძლოა, მიზანმიმართულად იყოს დაგეგმილი.

მისივე თქმით, მაშინ, როცა საბჭო ინეტნსიურად მუშაობს, ბუნებრივია, რომ მისი სხდომები ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენებს დაემთხვეს.

„ასეთი განცხადებების გაკეთების საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. უკვე ღიმილისმომგვრელი ხდება. მახსოვს ბრალდებები, როდესაც პარასკევს ჩავნიშნეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, აბობდნენ, პარასკევი კვირის მიწურულია, საბჭოს ყურადღებას არ მიაქცევენ და ამიტომ ჩაინიშნა პარასკევობით სხდომებიო. ამგვარი საუბარი სასცილო ხდება. ყოველ დღე იკრიბება იუსტიციოს უმაღლესი საბჭო და მსჯელობს სერიოზულ საკითხებსა და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე. როდესაც ყოველ კვირას სხდომა იმართება, ბუნებრივია, ეს სხდომები გარკვეულ მოვლენებს დაემთხვევა, მაგალითად, არჩევნებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ყოველ წელს ტარდება, ესენია ადგილობრივი თვითმმართველობის, პრეზიდენტის და საპარლამენტო არჩევნები. სულ არჩევნების რეჟიმში ვართ. ასე რომ, ბრალდებები აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია.

როდესაც საბჭო სისტემატიურად საქმიანობს და გადაწყვეტილებებს იღებს, ბუნებრივია, გარკვეულ მოვლენებს დაემთხვევა. ასეთი დამთხვევის პოვნა არ გაგიჭირდებათ, თუმცა იმის მტკიცება, რომ საბჭო ასე განზრახ იქცევა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და უკვე ღიმილისმომგვრელია. მიხარია, რომ ჩვენს ოპონენტებს მეტი სათქმელი და კონკრეტული საქმეებიდან გამომდინარე, პრეტენზიები არ აქვთ. თუ თარიღებთან დაკავშირებით იქნება პრობლემა, ვფიქრობთ, ამასაც მოვაგვარებთ“, – განაცხადა გიირგი მიქაურაძემ.

მისივე თქმით, საამაყოა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ბევრი ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც ხელი შეუწყო სასამართლო დამოუკიდებლობის განმტკიცებას.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ მდივანს 30 ოქტომბერს აირჩევენ.