გიორგი მიქაუტაძე - ქართული სასამართლო ქვეყანაში შექმნილ ვითარებას მაქსიმალურად მომზადებული შეხვდა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, გლობალური პრობლემის მიუხედავად, ქართული სასამართლო ქვეყანაში შექმნილ ვითარებას მაქსიმალურად მომზადებული შეხვდა.
მიქაუტაძე აღნიშნავს, რომ რისკების შეფასებით და სასამართლო სისტემის სწრაფი მანევრირებით დაინერგა დისტანციური შრომის რეჟიმი, დისტანციურად დოკუმენტბრუნვის შესაძლებლობა და სხდომების ჩატარება.
„ახალი კორონავირუსის გავრცელებამ და პრევენციულმა ღონისძიებებმა სასამართლო სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. გლობალური პრობლემის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ქართული სასამართლო ქვეყანაში შექმნილ ვითარებას მაქსიმალურად მომზადებული შეხვდა. რისკების შეფასებით და სასამართლო სისტემის სწრაფი მანევრირებით დაინერგა დისტანციური შრომის რეჟიმი, დისტანციურად დოკუმენტბრუნვის შესაძლებლობა და სხდომების ჩატარება. გარკვეული პრობლემები შესაძლოა, ამ პროცესს თან ახლდეს, მზად ვართ მისი მართვისთვის. ჩვენ ვუფრთხილდებით ყველას ჯანმრთელობას და ვიცავთ მათ უსაფრთხოებას ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში.
ამავდროულად, ვცდილობთ, კოორდინირებულად ვიმუშაოთ, რათა ჩრდილი არ მიადგეს სამართალწარმოებას და არ დაირღვეს მოქალაქეთა უფლებები. მადლობას ვუხდი თითოეულ მოსამართლეს თავდაუზოგავი მუშაობისთვის. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც კარანტინის ზონაში ახორციელებენ უფლებამოსილებას და არ უშინდებიან არსებულ გამოწვევებს. მადლობა სასამართლოს აპარატს და ყველა თანამშრომელს – მათზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა უწყების წარმომადგენელს, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩართულია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უზრუნველყოფს საზოგადოების უსაფრთხოებას“, – აღნიშნავს მიქაუტაძე.