გიორგი მიქაუტაძე - მოსამართლის წარმოებაში არსებული საქმეების რაოდენობა ოთხჯერ შემცირდა
მოსამართლის წარმოებაში არსებული საქმეების რაოდენობა ოთხჯერ შემცირდა, – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შექმნილი მოსამართლეთა ახალი ვიწრო სპეციალიზაციის თითქმის ერთწლიან საქმიანობას.
მისივე თქმით, სპეციალიზაციაში განიხილება იურიდიული პირების რეგისტრაცია-მართვასთან დაკავშირებული სანივთო-სამართლებრივი და სამეწარმეო-სამართლებრივი დავები. ასევე ისეთ დავები, რომლის სარჩელის ფასი აღემატება 500 ათას ლარს.
გიორგი მიქაუტაძის შეფასებით, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კარგად ჩანს, რა პროგრესი განიცადა ბიზნესდავების მიმართულებით სასამართლო სისტემამ.
„იურიდიული პირების რეგისტრაცია-მართვასთან დაკავშირებული სანივთო-სამართლებრივი და სამეწარმეო-სამართლებრივი დავები, რომლისთვისაც სპეციალური სპეციალიზაცია შეიქმნა, იხილება უმოკლეს ვადებში და დაახლოებით ორი თვის ვადაში მათი უმეტესობა სრულდება. პროგრესია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დავები ვალდებულებითი კატეგორიის მოსამართლეებს ტვირთად აღარ აქვთ. ამასთან, ჩვენ ახალ შენობას ვაძლევთ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. გაუმჯობესდება და მეტი დარბაზები ექნებათ მოსამართლეებს და შემდეგ, ხარისხისა და დროის მხრივ უფრო გაუმჯობესდება“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
აღნიშნულ სტატისტიკას საბჭოს მოსამართლე წევრები პირველი/მეორე ინსტანციის მოსამართლეებთან ერთად სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრ, ბიზნესასოციაციებს აცნობენ.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეიქმნა მოსამართლეთა ახალი ვიწრო სპეციალიზაცია, რომელსაც მოგვიანებით ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავებიც დაემატა.
სპეციალიზაციის შექმნის შემდეგ, სტატისტიკური მონაცემების დადებითი კუთხით ცვლილებაზე საუბრობენ სასამართლო სისტემაში. მონაცემები ასეთია: თუ 2017 წლის 01 აგვისტოს კომერციული დავების კატეგორიაში განსახილველ საქმეთა ნაშთი შეადგენდა 895 საქმეს, დღეისათვის განსახილველი საქმეების ნაშთი შეადგენს 189-ს.