გიორგი მიქაუტაძე - მოსამართლის გადაწყვეტილებების შეფასება ჩემი მხრიდან არაეთიკური იქნება
გიორგი მიქაუტაძე - მოსამართლის გადაწყვეტილებების შეფასება ჩემი მხრიდან არაეთიკური იქნება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძეს მიაჩნია, რომ კითხვები, რომლებიც არასამთავრობო სექტორს ან არამოსამართლე წევრებს აქვთ ამა თუ იმ გახმაურებული საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ, უსაფუძვლოა.

მისი თქმით, საბჭოს მდივნის მხრიდან არაეთიკურია მოსამართლეების მიერ განხილული კონკრეტული საქმეების გარჩევა.

„ყველა კანდიდატმა ქულათა შეფასების მიხედვით გადალახა როგორც კომპეტენტურობის, ასევე კეთილსინდისიერების დაწესებული ზღვარი. შესაბამისად, არამოსამართლე წევრები არაკეთილსინდისიერებაზე რატომ აკეთებენ აქცენტს, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით. მე ვერ გავარჩევ საქმეებს და ვერ შევაფასებ მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ეს არაეთიკური იქნება ჩემი მხრიდან“, – აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.

უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების კენჭისყრისას არასამთავრობო სექტორსა და საბჭოს არამოსამართლე წევრებს კითხვები გაუჩნდათ ისეთი მოსამართლეების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, როგორებიც არიან 7 ნოემბრის საქმის განმხილველი მოსამართლე ლილი მსხილაძე, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმის განმხილველი შორენა გუნცაძე, ასევე სულხან მოლაშვილის საქმისა და ე.წ. კაბელების საქმის განმხილველი მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე და სხვა. აღნიშნული მოსამართლეები დღეს იუსტიციის საბჭომ თანამდებობაზე უვადოდ გაამწესა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა, ექვს მოსამართლეს კი, მხარი არ დაუჭირა.

საბჭომ კენჭი უვადოდ გამწესების მსურველ 50 კანდიდატს უყარა, საიდანაც ექვსმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მოიპოვა.