გიორგი მიქაუტაძე - მოსამართლეთა კონფერენციამ უარყოფით კამპანიაზე აუცილებლად უნდა გამოხატოს პოზიცია
გიორგი მიქაუტაძე - მოსამართლეთა კონფერენციამ უარყოფით კამპანიაზე აუცილებლად უნდა გამოხატოს პოზიცია

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებს საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ განუცხადა, კონფერენციაზე სასამართლოსთან მიმართებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებზე იმსჯელებენ.

„დღეს არის რიგგარეშე კონფერენცია, რომელიც მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე და სასამართლოსთან მიმართებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მოვიწვიეთ. კერძოდ, რამდენიმე პოლიტიკოსისა და რიგი არასამთავრობოების მხრიდან ადგილი აქვს კამპანიას სასამართლო სისტემის წინააღმდეგ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ.

ვფიქრობთ, რომ მოსამართლეთა კონფერენციამ ამ საკითხებზე აუცილებლად უნდა გამოხატოს პოზიცია და თავისი მოსაზრება დააფიქსიროს“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, ხვალ გაიმართება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომლის მსჯელობის ძირითადი საკითხი იქნება უზენაესი სასამართლოს წევრების წარდგენის კრიტერიუმები და რეგულაციები.

„ჩვენ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გვაქვს ჩვენი წინადადებები, რომელიც უკვე გადაგზავნილია სამუშაო ჯგუფში. ასევე, ჩვენ მივიღეთ სხვა მხარეების მიერ გადმოგზავნილი სხვადასხვა პროექტები, რომელსაც განვიხილავთ. დაიწყება განხილვა, თუმცა, ვფიქრობ, ხვალვე ვერ დასრულდება და შემდეგ დაანონსდება, როდის გაგრძელდება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

რაც შეეხება დეპუტატ ეკა ბესელიას მოთხოვნას, რომ ათკაციანი სიის ნაცვლად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიაში წარმოდგენილი იყოს 20-30 კაცი, მიქაუტაძის თქმით, ცხადია სიაში აუცილებლად უნდა იყვნენ შეყვანილი არამოსამართლე წევრებიც.

„რა თქმა უნდა, მოსამართლეების გარდა, ვფიქრობთ, უნდა იყვნენ წარდგენილი არამოსამართლეებიც. თუმცა, აქ მკვეთრი ზღვარი უნდა იყოს გავლებული და ჩემი მოსაზარებით, მოსართლეებს და მოქმედ მოსამართლეებს უნდა მიენიჭოთ პრიორიტეტი. კერძოდ, ის რომ შესაძლოა კვოტირებასთან გვქონდეს საქმე და უფრო მეტი კვოტით იყვნენ წარმოდგენილი მოსამართლეები, ვიდრე არამოსამართლეები. თუმცა, ეს შერეული წესი აუცილებლად დაცული უნდა იყოს. მოქმედი კანონმდებლობაც ასე გვკარნახობს. ვიმსჯელებთ სამუშაო ჯგუფის პროცესში“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.