გიორგი მიქაუტაძე - მოსამართლეობის წარდგენილ კანდიდატებს ვესაუბრე და მზად არიან, ნებისმიერ შემუშავებულ კრიტერიუმს დაექვემდებარონ
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის შემუშავდება კრიტერიუმები, რომელზეც სამუშაო ჯგუფის ფორმატში ვიმსჯელებთ, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, იურიდიულად არ არსებობს მოსამართლეთა უკვე წარდგენილი სიის გაწვევის პროცედურა. როგორც გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩაერთვება იმ კრიტერიუმების გამჭვირვალედ განხილვის პროცესში, რომელზეც სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს.
„რაც შეეხება წარმოდგენილ კანდიდატურებს, თითოეულთან მქონდა საუბარი და ყველას პოზიცია არის ასეთი, რომ ახალ კრიტერიუმებს, რომელიც იქნება შემუშავებული, თითოეული მათგანი დაექვემდებარება და საერთო წესით მოხდება კანდიდატების შერჩევა“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
ამასთან, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეული კანდიდატი მზად არის, დაექვემდებაროს ყველა კრიტერიუმს და საერთო წესის შესაბამისად უპასუხოს ყველა კითხვას.
გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, არ შეიძლება, რომ ბრალდებები კრებითად ყველა კანდიდატის მიმართ იყოს წაყენებული. მისი თქმით, თითოეულმა კანდიდატმა ინდივიდუალურად უნდა უპასუხოს იმ პრეტენზიებს, რომლებიც მათ წინააღმდეგ არსებობს.
„მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი თითოეული კანდიდატი მზად არის, სრულიად გამჭვირვალედ, ნებისმიერ შემუშავებულ კრიტერიუმს დაექვემდებაროს და საერთო წესით გასცეს პასუხი ყველა კითხვას. ჩემი პოზიციაა, რომ არ შეიძლება კრებითად რაღაც ბრალდებების წამოყენება წარმოდგენილი კანდიდატურების მიმართ. ეს არის თითოეული კანდიდატის მიერ ინდივიდუალურად გასაცემი პასუხები. დრო მოვიდა, მეტი კონკრეტიკა შევიტანოთ და თუ არსებობს კითხვები და პრეტენზიები, კონკრეტულად იყოს წარმოდგენილი თითოეულ კანდიდატთან”, – განაცხადა მიქაუტაძემ.
ამასთან, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა აღნიშნა, საბჭოს აქვს იმის რესურსი, რომ პარლამენტს კიდევ წარუდგინოს მოსამართლეობის კანდიდატურები.
„უზენაეს სასამართლოში უნდა იყოს მინიმუმ 28 მოსამართლე. დღეს არის მოქმედი 10 მოსამართლე. წარდგენილია – 10. ბუნებრივია, რომ ეს წარმოდგენილი 10 კანდიდატურა არაა საკმარისი. კიდევ იქნება. რა თქმა უნდა, იუსტიციის საბჭოს აქვს რესურსი პარლამენტს კიდევ წარმოუდგინოს კანდიდატურები, ეს საჭიროებაც არსებობს და ბუნებრივია ასე იქნება“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შემუშავდება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, რასაც ექნება უკუძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარდგენილი განახლებული სია.