გიორგი მიქაუტაძე მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის გასაუბრების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს
იუსტიციის უმაღლესს საბჭოში მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. კანდიდატებს შორის არის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის საქმე განიხილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გიორგი მიქაუტაძე მოსამართლის გასაუბრებისა და კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.
ამის მიზეზად გიორგი მიქაუტაძე წარსულ გამოცდილებას ასახელებს – როდესაც ხვიჩა კიკილაშვილს უვადო გამწესება სურდა, მიქაუტაძე გასაუბრების პროცესს ესწრებოდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ეს საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. მათი თქმით, მიქაუტაძე არც გასაუბრების პროცესს არ უნდა დასწრებოდა.
„ალბათ, არ მივიღებ მონაწილეობას ამ პროცესში, რადგანაც ზუსტად ვიცი, ისევ ის კითხვები უნდა იყოს, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს და ვფიქრობ, ეს არ დააზარალებს პროცესს“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
ხვიჩა კიკილაშვილი იუსტიციის უმაღლემა საბჭომ უვადო მოსამართლედ გაამწესა, რაც არასამთავრობო სექტორში ეჭვის საფუძველი გახდა. მესამე სექტორი გონიოში საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძესა და მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძეს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიქაუტაძის სასარგებლოდ გამოტანილ განაჩენსა და კიკილაშილის უვადოდ გამწესებას შორის კავშირს ხედავს.