გიორგი მიქაუტაძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლა უნდა გაძლიერდეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირებისა და გაძლიერებაზე საუბრობს.
მისი თქმით, სკოლის გაძლიერება აუცილებელია განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის წესი უქმდება, რაც სამომავლოდ გამოიწვევს მოსამართლეთა რაოდენობის ზრდის აუცილებლობას.
მიქაუტაძის შეფასებით, მოსამართლეთა რაოდენობის სიმცირე სასამართლო სისტემის ერთ-ერთი გამოწვევაა, რასაც არაერთი კვლევა ადასტურებს. საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, სასამართლო სისტემის ე.წ. მეოთხე ტალღა იუსტიციის სკოლის რეფორმასაც ითვალისწინებს.
„იუსტიცის სკოლის რეფორმა სკოლის შესაძლებლობების გაზრდას გულისხმობს, რადგან კვლევის თანახმად, მინიმუმ 100 მოსამართლით გვესაჭიროება კორპუსის გაზრდა. თუნდაც ამიტომ არის სკოლის შესაძლებლობები გასაძლიერებელი. ასევე, სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის წესიც უქმდება. დროთა განმავლობაში და ამ საჭიროებიდან გამომდინარე, არსებობს სკოლის გაძლიერების მოთხოვნა“, – აღნიშნა მიქაუტაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დღეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყება. დაგეგმილია 12 მსურველთან გასაუბრება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს იუსტიციის სკოლის მსმენელთა შესარჩევი კონკურსი აქვს გამოცხადებული, რომელშიც სადაც 121 კანდიდატი მონაწილეობს. გასაუბრება კანდიდატებთან უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. პროცესის დასრულების შემდეგ კი, ოქტომბრის ბოლოს, კენჭისყრა გაიმართება.