გიორგი მიქაუტაძე - მედიაში გასული სიუჟეტი ცრუ ინფორმაციას შეიცავს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
გიორგი მიქაუტაძე - მედიაში გასული სიუჟეტი ცრუ ინფორმაციას შეიცავს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე „ტვ პირველზე“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება.

როგორც მიქაუტაძე აცხადებს, „სიუჟეტი ცრუ ინფორმაციას შეიცავს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“.

„მსურს, გამოვეხმაურო 2024 წლის 9 მარტს ტელეკომპანია „ტვ პირველზე“ გასულ ცრუ ინფორმაციის შემცველ სიუჟეტს, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და არა მხოლოდ ჩემი და ჩემი ოჯახის, არამედ მთელი სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას. აშკარაა, რომ სიუჟეტის მიზანი იყო სასამართლო სისტემის წინააღმდეგ ახლახან დაწყებული ნეგატიური კამპანიის მხარდაჭერა მოსამართლეთა „ვეტინგის“ პროცესით შემოწმების მიზნით გაურკვეველი შემადგენლობის კომისიის შექმნის თაობაზე და არა საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება ჩემს ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

კანონის შესაბამისად, ჩემ მიერ წარდგენილი დეკლარაციებიდან საზოგადოებისთვის დიდი ხანია, ცნობილია, რომ ვახორციელებ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობას სოფელ წავკისში. რაც შეეხება ჩემი და ჩემი ოჯახის შემოსავლებს, კიდევ ერთხელ განმარტავ, რომ მხოლოდ ჩემი და ჩემი მეუღლის ხელფასი 2023 წელს იყო 220 424 ლარი, ასევე აღნიშნულ პერიოდში დამატებით აღებული მაქვს სესხი 100 000 ლარის ოდენობით, ჩემს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის გასხვისებით მივიღე 35 000 აშშ დოლარი და ჩემი ოჯახის მიერ მიღებული შემოსავლიდან – 50 000 აშშ დოლარი. ასევე, დამატებითი შემოსავლის სახით მიღებული მაქვს თანხა ჩემი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის (მდებარე ქ.თბილისი, თამარაშვილის ქუჩა 13) ქირავნობის ხელშეკრულების შედეგად, თვიურად 1500 აშშ დოლარის ოდენობით.

ამდენად, 2023 წელს შემოსავლის სახით მიღებული მაქვს დაახლოებით 550 000 ლარი, რაც დეტალურად არის მოცემული ჩემ მიერ შევსებულ დეკლარაციაში.

დამატებით, დედაჩემი – დარეჯან თავართქილაძე, დღევანდელი მდგომარეობით, განკარგავს მამისგან მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას, მას მხოლოდ სააქციო საზოგადოება „ბახტრიონიდან“ ხელფასის და დივიდენდის სახით 2023 წელს მიღებული აქვს, ჯამში, 264 708 ლარი. მოცემული ინფორმაცია არის საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი, მათ შორის „ტვ პირველის“ ჟურნალისტებისთვის.

მიუხედავად ამისა, ჩვეული მონდომებით ეცადნენ, წარმოეჩინათ, რომ ამ მოცულობის შემოსავლებით, დედის პენსიონერობაზე არაერთხელ ხაზგასმით, დაახლოებით სამი წლის განმავლობაში ვერ შევძლებდი ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას, რომელიც დასრულებული დღემდე არ არის.

იმ ფაქტს, რომ სიუჟეტის მიზანი იყო, ზემოთ ხსენებული მოსამართლეთა შემოწმების კამპანიის მხარდაჭერა და ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია, საცხოვრებელი სახლის ღირებულება გადაჭარბებულად იქნა წარმოჩენილი, რასაც მხოლოდ ის ფაქტიც ადასტურებს, რომ 2016 წელს შეძენილი და დღევანდელი მდგომარეობით 18 წლის ავტომობილი, ეზოში არარსებული შადრევანი და 84 აშშ დოლარად ღირებული ჭაღი მოხსენიებულია, როგორც ძვირადღირებული ნივთები და ფუფუნების საგნები.

ყველაზე გულდასაწყვეტია ჩემი ყოფილი კოლეგების კომენტარები, რომლებიც შეგნებულად მონაწილეობენ ამ სიცრუის ტირაჟირებაში“, – აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.