გიორგი მიქაუტაძე - მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ძირითად საკითხებზე კონსენსუსი მიღწეულია
ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითად საკითხებზე კონსენსუსი მიღწეულია. ვერ ვიტყვი, რომ ყველა მხარე კმაყოფილია. ასე ნამდვილად არ არის, თუმცა კონსენსუსიც ამას გულისხმობს, რომ ყველა მხარემ გარკვეული დათმობა გააკეთოს, – ეს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
როგორც მიქაუტაძე განმარტავს, ჯგუფში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ძირითადი ცვლილებები შეეხება იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ კანონს, სადაც იცვლება იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს დაკომპლექტების და მსმენელების სკოლაში ჩარიცხვის წესი.
რაც შეეხება ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილის მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოების თავმჯდომარეები თავად მოსამართლეებს აერჩიათ და არა იუსტიციის საბჭოს დაენიშნა, მიქაუტაძე ამბობს, რომ ეს ინიციატივა დაუსაბუთებელი იყო.
„ის უფლებამოსილებები, რომელიც რეალურად გააჩნია თავმჯდომარეებს და ამით სარგებლობენ, შეკვეცილია. ამ შეხვდრის ყველა მონაწილეს რომ მიმართოთ კითხვით, რა უფლებამოსილებით სარგებლობს თავმჯდომარე, პასუხის გაცემა გაჭირდება, რადგან სასამართლოს მოხელეების ძალიან მცირე ნაწილის დანიშვნას თუ არ ვიგულისხმებთ, ფაქტობრივად, სასამართლოს თავმჯდომარეს თითქმის აღარ გააჩნია უფლებამოსილებები.
ამიტომ, გაურკვეველია ამდაგვარი დაინტერესება ამ საკითხით. ასე არ შეიძლება, სასამართლოს თავმჯდომარე გარკვეული მენეჯერული თვისებებით უნდა იყოს აღჭურვილი პირი. ის უნდა შეარჩიოს კომპეტენტურმა ორგანომ, სწორედ ამ ნიშნით. არ შეიძლება შემთხვევით ვინმე გახდეს სასამართლოს თავმჯდომარე“,- განაცხადა მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.