გიორგი მიქაუტაძე - კანონპროექტის შეჯერებული ვარიანტი გულისხმობს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ღიად და საჯაროდ გამოცხადებას
გიორგი მიქაუტაძე - კანონპროექტის შეჯერებული ვარიანტი გულისხმობს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ღიად და საჯაროდ გამოცხადებას

კანონპროექტის შეჯერებული ვარიანტი გულისხმობს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ღიად და საჯაროდ გამოცხადებას და მასში მონაწილეობის უფლება ექნებათ გარკვეული გამოცდილების მქონე ადამიანებს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ იმსჯელეს და შემუშავებული კანონპროექტი განიხილეს.

მიქაუტაძემ მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურა განმარტა.

„კანდიდატს უნდა ჰქონდეს სპეციალობით მუშაობის გამოცდილება. შეჯერებულ კანონპროექტში ასევე, საუბარია მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებაზე, რის შემდეგაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს შერჩევის პროცესს. შემოწმდება წარმოდგენილი დოკუმენტების ფორმალური მხარე და არჩეული იქნება რამდენჯერმე მეტი კანდიდატი, ვიდრე ვაკანსიაა. ამის შემდეგ, მოხდება 18 კანდიდატის ნომინირება. დარეგულირდა ასევე ინტერესთა კონფლიქტის საკითხები.

იმ შემთხვევაში, როცა საბჭოს წევრი იქნება ამ კონკურსის მონაწილე, ის პირველ ორ ეტაპში მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებს, ხოლო უკანასკნელ ეტაპში ის ვერ მიიღებს მონაწილეობას, თუ მისი კანდიდატურის შესახებ იქნება გადაწყვეტილება მიღებული”, – განაცხადა მიქაუტაძემ.

კანონპროექტში გაწერილია სამი კრიტერიუმი, რომლითაც სავარაუდოდ მოხდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ შეიძლება გამწესდეს:

1. მოქმედი მოსამართლე, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; 2. ყოფილი მოსამართლე, რომლის სამოსამართლეო უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ გასულა 10 წელი და რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; 3. გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.