გიორგი მიქაუტაძე - კამათი ჯანსაღი პროცესია და ასეთ დროს საკითხის უკეთ ფორმირება ხდება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს მიაჩნია, რომ კამათი ჯანსაღი პროცესია და ასეთ დროს საკითხის უკეთ ფორმირება ხდება.
გიორგი მიქაუტაძე კოლეგის, ანა დოლიძის განცხადებას გამოეხმაურა.
ანა დოლიძის შეფასებით, დღეს ნაზი ჯანეზაშვილისთვის რამდენჯერმე აზრის გაწყვეტა, საბჭოში დამკვიდრებული ქალის ჩაგვრის კულტურაა.
საბჭოს მდივანი ფიქრობს, რომ საგანგაშო არაფერი ხდება და ეს უბრალოდ მსჯელობაა.
„არ ვიცი რამდენად ღირს საბჭოს საქმიანობაში სამედიცინო ტერმინების გამოყენება, თუმცა კამათი ხშირად ხდება იუსტიციის საბჭოში და ეს არის იმის დამსახურება, რომ ისმის განსხვავებული აზრი, არის პოლემიკა და გვაქვს ნათელი მაგალითები, რომ ამ პოლემიკის შედეგად რაღაც გადაწყვეტილებები იცვლება, იხვეწება და საბოლოო ჯამში უფრო უკეთესი სახით გამოდის.
ასე რომ, ვერაფერ საგანგაშოს ვერ ვხედავ. განსხვავებულ აზრთან დაკავშირებით კამათი და პოლემიკა ბუნებრივი, ჯანსაღი პროცესია. სიტყვით გამოსვლა არავის გაუწყვეტინებია. ხანდახან დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობს განხილვა“, – განმარტა გიორგი მიქაუტაძემ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს ანა დოლიძესა და ირაკლი შენგელიას შორის დღეს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას მოჰყვა, რა დროსაც მას სიტყვით გამოსვლა რამდენჯერმე გააწყვეტინეს.