გიორგი მიქაუტაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაუშვებს სასამართლო სისტემის საქმიანობაში ჩარევას
გიორგი მიქაუტაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაუშვებს სასამართლო სისტემის საქმიანობაში ჩარევას

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია მიმდინარეობს. სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში სასამართლო სისტემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე აუცილებელია,საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ იმსჯელოს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს.

მიქაუტაძის თქმით, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რამდენიმე პოლიტიკოსის მხრიდან სასამართლო სისტემის მიმართ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება, რომელიც აგებულია სიცრუეზე, უსაფუძვლო ბრალდებებზე.

„არის მცდელობა მოხდეს იუსტიცის უმაღლესი საბჭოს ერთგვარი დასჯა მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის სრული შესაბამისობით მიღებული გადაწყვეტილებების გამო.

მედიასაშუალებების გამოყენებით და სოციალური ქსელების მეშვეობით ყველაფერი კეთდება საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, მაგალითად გავრცელდა ვიდეორგოლი თუ როგორ არჩევს უზენაესი სასამართლოს წევრს აშშ-ს სენატი“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაუშვებს სასამართლო სისტემის, ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში ჩარევას.

„ამისთვის ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოვიყენებთ. დღევანდელი მდგომარეობით სასამართლო კორპუსი არის ერთიანი და ძლიერი. სასამართლო სისტემა არის უპრეცენდენტოდ დამოუკიდებელი რაც განმტკიცებულია კონსტიტუციით და ორგანული კანონით. ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ საკანონმდებლო რეფორმების სწორ იმპლემენტაციას და დავასრულებთ როგორც მოსამართლეთა უვადოდ გადანიშვნის პროცესს, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნომინირების პროცესს“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.