გიორგი მიქაუტაძე - იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში ჩარევას ვერც ერთი გარე ძალა ვერ შეძლებს
წინასწარ გამოთქმული ეჭვები პროცესის სანდოობასთან დაკავშირებით, არის კიდევ ერთი დასტური, რომ გარკვეულ ძალებს სურთ, რაღაც გავლენა ჰქონდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, საბჭო კანონით დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს სრულყოფილად, მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსს წარმართავს გამჭვირვალედ და არც ერთ გარე ძალას არ მისცემს პროცესში ჩარევის საშუალებას.
„პროცედურები არის ძალიან დეტალურად გაწერილ კანონში და საბჭო შეასრულებს ყველა ამ პროცედურულად რომელიც მითითებული არის კანონში. პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭირვალე, ნებისმიერ პირს ექნება ამ პროცესზე დაკვირვების და შეფასების შესაძლებლობა. საბჭო მაქსიმალურად სანდოდ და გამჭირვალედ ჩაატარებს ამ პროცედურებს. რაც შეეხება წინასწარ გამოთქმულ ეჭვებს, ამას ნამდვილად მიჩვეული ვართ და ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ გარკვეულ ძალებს სურთ, რაღაც გავლენა ჰქონდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე.
მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ იმ ნაწილში, სადაც საბჭო არის პასუხისმგებელი კანდიდატების შერჩევაზე, ნამდვილად ვერავინ ვერც ერთი ძალა ვერ შეძლებს ჩარევას. საბჭო იქნება აუცილებლად დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და თითოეულ წევრს ექნება საშუალება, რომ დამოუკიდებლად, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.