გიორგი მიქაუტაძე - არ მსმენია, კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს გაეკრიტიკებინათ პირი, რომელიც აქამდე იყო უფლებამოსილი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების წარდგენაზე
გიორგი მიქაუტაძე - არ მსმენია, კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს გაეკრიტიკებინათ პირი, რომელიც აქამდე იყო უფლებამოსილი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების წარდგენაზე

არც ერთი ამ არამოსამართლე წევრისგან და სხვა კრიტიკულად განწყობილი პირებისგან არც ერთხელ არ მსმენია რამე ფორმით გამოხატული პოზიცია, თუ რა უნდა მოხდეს უზენაეს სასამართლოში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„არ მსმენია, გაეკრიტიკებონოთ პირი, რომელიც აქამდე იყო უფლებამოსილი, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების წარდგენაზე“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

მისი თქმით, დამოუკიდებლობა, რომელიც ახალი კონსტიტუციით სასამართლოს მიენიჭა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

„ეს ჩვენთვის, პირველ რიგში, გულისხმობს უდიდეს პასუხისმგებლობას უზენაეს სასამართლოში არსებულ ვითარებაზე. აქამდე ეს პასუხისმგებლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე არ იყო და ის მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ გადმოგვეცა. უზენაეს სასამართლოსთან მიმართებით საკითხს სრული სერიოზულობით ვუდგებით და ზუსტად ეს იყო წინაპირობა იმისა, რომ გადავწყვიტეთ, აუცილებელი რაოდენობის მოსამართლეების წარდგენაზე გადაწყვეტილება მიგვეღო, რაც უზენაესი სასამართლოს ნორმალურად და გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ მოხდა კანდიდატურების შერჩევა ასე სწრაფად მაშინ, როცა გამოთავისუფლებული ადგილების დეფიციტის პრობლემა გუშინ და დღეს არ შექმნილა და რატომ არ გაიმართა წინასწარი მსჯელობა შესარჩევ კანდიდატურებთან დაკავშირებით, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსაკუთრებით ცდილობდა, დიალოგი კონსტრუქციულად წარემართა, მათ შორის არასამთავრობო სექტორთან და კრიტიკულად განწყობილ არამოსამართლე წევრებთან, მაგრამ ამის საპასუხოდ, მხოლოდ უსაფუძვლო ბრალდებები და პროცესის წინასწარი დისკრედიტაცია მიიღეს.

„სანამ კონსტიტუცია ძალაში შევიდოდა, თვეებით ადრე, მუდმივად გვესმოდა განცხადებები, რომელიც ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვრცელდებოდა. პირდაპირ ხდებოდა დისკრედიტაცია, რომ საბჭო ამ პროცესებს სწორად არ წარმართავს და რომ ამ გადაწყვეტილებების მიღება საბჭოს მიერ არ უნდა მოხდეს. ასევე, იყო შემოთავაზება, რომ კონსულტაციები სხვა უწყებებიდან მიგვეღო და გადაწყვეტილება ამის საფუძველზე მიგვეღო“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

როგორც გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნა, საბჭოს არამოსამართლე წევრების მიერ პროცესს თავიდანვე სრული უნდობლობა ჰქონდა გამოცხადებული და ამიტომ, მათთან რამე ფორმით მსჯელობა ყოველგვარ შინაარსს იქნება მოკლებული.

„საბოლოო ჯამში, მოხდება ისე, როგორც არაერთხელ გააკეთეს. ეს იყო უვადოდ გადანიშვნის პროცესი, როდესაც პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს და მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს. ეს ძალიან ხშირად ხდება ასე, როცა თავიანთი მოვალეობის შესრულებაზე უარს ამბობენ და გაურბიან პასუხისმგებლობას, რომელიც აქვთ“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.